სუპერლიგის დღევანდელი დღის ბოლო მატჩი, რომელშიც ერთმანეთს “შსს აკადემია-ტიტები” და “დინამო თბილისი” დაუპირისპირდნენ, იმდენად დაძაბული ვერ გამოდგა, როგორც მანამდე გამართული შეხვედრები. თუ არ ჩავთვლით პირველ პერიოდს, შეხვედრა ერთი გუნდის კარნახითა და დომინაციით მიმდინარეობდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა “დინამომ” სუპერლიგაში ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო, თან ისე, რომ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
მთავარი მწვრთნელის ამპლუაში დებიუტი ჰქონდა ვეტერან კალათბურთელს, ლაშა-გიორგი გამყრელიძეს. “ტიტებს” აკლდა ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე, ბესო ლეჟავა, ურომლისოდაც გუნდს უკანა ხაზში პრობმემები ექმნება. “ტიტებმა” შეიმატა ამერიკელი ლეგიონერი ლუკ მეიერი, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
პირველ პერიოდში თანაბარი ბრძოლა იყო. 10 წუთის შემდეგ “დინამო” 21:19 იგებდა, თუმცა მეორე მეოთხედიდან ამოქმედდა ირაკლი ხოშტარიას გუნდის როგორც უკანა, ისე წინა ხაზი. გააზრებული კომბინაციებისა და მწყობრი დაცვის ხარჯზე შარშანდელმა ჩემპიონმა მეორე ათწუთეული 19:8 მოიგო და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი ლიდერობით გავიდა.
მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც დინამოელებმა 30:23 მოიგეს და დარჩენილ დროში, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, მიუწვდომელნი გახდნენ.
საბოლოოდ 86:62 და დინამოელებს 25 ქულით ჯორდან სვოპშირმა ულიდერა. 14-14 ქულა მიითვალეს ლევან გრძელიძემ და დემოგოი ბუბალომ. “ტიტებში” 21 ქულით საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე, კაშიმ რენსომის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.
სულერლიგის მე-10 ტურის ბოლო შეხვედრა 15 თებერვალს, ბათუმში, ადგილობრივ გუნდსა და “რუსთავს” შორის გაიმართება.