“ცხუმ-აფხაზეთსა” და “დინამოს” შორის ნახევარფინალურ სერიაში მესამე, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა დინამოელებმა სერიის მეორე, დრამატულ შეხვედრაში 70:68 (სტატისტიკა) სძლიეს ცხუმელებს და საერთო ანგარიში გაათანაბრეს – 1:1. შესაბამისად, დაინიშნა მესამე, გადაწყვეტი შეხვედრა, რომელიც 19 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და გამარჯვებული სუპერლიგის ფინალის საგზურს მოიპოვებს.
დღევანდელი მატჩი შეცდომებით სავსე, თუმცა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. სერიის წინა შეხვედრაში ცხუმელები მესამე პერიოდში 12 ქულით აგებდნენ და საბოლოოდ ისე იმარჯვეს, ვითარება არ დაძაბულა. დღეს თითქმის ანალოგიური სიტუაცია გათამაშდა, თუმცა ცხუმ-აფხაზეთს გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა.
მესამე პერიოდის ბოლოს დინამოელები 14 ქულით (60:46) იგებდნენ და ცხუმელებმა იმდენი მოახერხეს, რომ გამარჯვების შანსი მოიპოვეს. ბოლო წუთზე, როცა ყველაფერი დასრულებული ჩანდა, რადგან დინამო 5 ქულით იგებდა და საფინალო სირენამდე 10 წამზე ნაკლები რჩებოდა, ცხუმელების ლიდერმა, ჯოშუა მაკფოლმა დასრულებამდე 6 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. მაკფოლმა დინამოელი მაიკლ ედვარდსის ფარქვეშიდან თამაშში შემოტანილი ბურთი მყისიერად ჩაჭრა, სამქულიანის ნიშნულს ასცდა და გამარჯვების ბურთი ესროლა, რომელიც მიზანს ასცდა და… ცხუმელებს შანსი მაინც შერჩათ, აცილებული ბურთი ნოდარ გოგოძემ მოხსნა, ნიკა ჩეჩელაშვილს გადააწოდა, რომელმაც საფინალო სირენის თანხლებით ახლო სროლა გააცუდა.
ასე დრამატულად დასრულდა მატჩი, რომელიც ძირითადად დინამოელებს მიჰყავდათ. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი ცხუმ-აფხაზეთი ორიოდ წუთით ლიდერობდა, ისიც მაქსიმუმ 4 ქულით, როცა 30 წუთზე მეტ ხანს დინამოელები იგებდნენ, თანაც ხელჩასაჭიდად. ორივე გუნდისგან ბევრი იყო ტექნიკური წუნი, რაც სავარაუდოდ აღნიშნული მატჩის მნიშვნელობის გამო დაფიქსირდა. ორივე გუნდმა ჯამში 39-ჯერ დაკარგა ბურთი.
გამარჯვებულ დინამოელთაგან 10 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო შედეგი ალონზო უოკერმა დააფიქსირა. 14 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა ლუკა ბულაშვილის ანგარიშზეა. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა ნიკა დარბაიძემ. ცხუმ-აფხაზეთში 14 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე. 12 ქულა ვასილ ბერუაშვილმა მოაგროვა , რაჰიმ ჯონსონის ანგარიშზე კი 10 ქულა და 6 მოხსნაა.
სერიის გადამწყვეტი მატჩი 19 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში, 13:00 საათზე გაიმართება.