დინამომ ვერას სძლია

დინამომ ვერას სძლია

სუპერლიგის დღევანდელი მატჩები დინამოსა და ვერას დაპირისპირებით დასრულდა. პირველი წრის შემდეგ მეორეზე მყოფი დინამოელები 2 წაგებით ცხრილში გვარიანად დაქვეითდნენ და დღევანდელი მატჩი მათთვის რეაბილიტაციის საშუალება იყო. ვერელებს კი მეორე წრის სამივე მატჩი ჰქონდათ მოგებული და დინამოელთა დამარცხებით მეორე ადგილზე მყოფ თსუ-ს უთანაბრდებოდნენ.

ყველაფერი ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ამ შეხვედრას საკმაოდ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მატჩიც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, რომელიც ბოლო წუთამდე დაძაბული იყო და დინამოელთა გამარჯვებით – 74:66 (სტატისტიკა) დასრულდა. ვერელები მესამე პერიოდში 19 ქულით ჩამორჩნენ, თუმცა გუნდის მწვრთნელი – ირაკლი ხოშტარია მკაცრად მიჰყვებოდა არჩეულ ტაქტიკას და ბოლო მეოთხედში თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა.

ვერელები უფრო სწრაფ გარღვევებზე და საშუალო სროლებზე იყვნენ ორიენტირებულნი, დინამომ კი თავიდანვე შეტევის იარაღად შორი სროლები აირჩია და საბოლოოდ ამ კომპონენტის მაღალშედეგიანობით გამოყენების გამო იმარჯვა. საბოლოოდ დინამოელებმა 15 სამქულიანი ჩააგდეს, რაც მეტოქეზე 6-ით მეტი აღმოჩნდა და ეს საკმარისი იყო ამ შეხვედრის მოსაგებად. ვერელებმა 19-ქულიანი ჩამორჩენა ბოლო პერიოდში 3-ამდე შეამცირეს, თუმცა ეს გამოდგა მაქსიმუმი. ისევ სამქულიანების გამოყენებით დინამოელებმა ლიდერობა 8-10 ქულამდე გაზარდეს და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს.

დინამოში 15 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ტაილერ უილიამსი. 14-14 ქულა ლუკა ბულაშვილმა და კევინ ობრაიანმა მიითვალეს. ვერაში 23 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო მაიკ ჰიუზი. ბრენდონ სლაიმ 16 ქულა მიითვალა.

სუპერლიგის მე-14 ტურის დარჩენილი 1 შეხვედრა ხვალ, 1 მარტს, ქუთაისში გაიმართება: ქუთაისელები “რუსთავს უმასპინძლებენ.