სუპერლიგის შაბათი დღის ბოლო შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ერთმანეთს ჩემპიონატის 2 ამბიციური გუნდი – ოლიმპი და გურჯაანის დელტა შეხვდნენ. მართალია, დუდუ დადიანის მემორიალის პლეი ოფში ვერც ერთი მათგანი ვერ გავიდა და სუპერლიგის პირველ ტურში გურჯაანელები დამარცხდნენ (ოლიმპი ისვენებდა), თუმცა შემადგენლობისა და მიზნების გათვალისწინებით, ოლიმპიცა და დელტაც სუპერლიგის არიერგარდს განეკუთვნებიან.
გურჯაანის დელტა წინა ტურში თსუ-თან უშანსოდ დამარცხდა, ოლიმპს კი, ჩემპიონატის მონაწილეთა კენტი ოდენობის მიზეზით დასვენებამ მოუწია. შესაბამისად, ორივესთვის მატჩის შედეგს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. დავით როგავას გაწვრთნილ ოლიმპს სუპერლიგის მოგებით დაწყება და ამით დადებითი მუხტის შექმნა სურდა, ხოლო დელტას უნდა დაემტკიცებინა, რომ თსუ-თან განცდილი მარცხი უბრალო შემთხვევა იყო. ოლიმპის ძლევით გურჯაანელები სრულ რეაბილიტაციას მოახდენდნენ, როგორც რეპუტაციის, ისე საკუთარი განწყობის და ესეც მოხდა. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გურჯაანულმა გუნდმა ამბიციური მეტოქე 17 ქულის სხვაობით – 79:62 (სტატისტიკა) დაამარცხა და სუპერლიგის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსიც სამართლიანად დაიმსახურა.
გურჯაანელებმა თანაბრად მიმდინარე მატჩში გარდატეხა მე-3 პერიოდში შეიტანეს, როცა 3 ქულით დაწინაურებულებმა აღნიშნული მეოთხედის 22:17 მოგების შემდეგ ლიდერობა 7 ქულამდე გაზარდეს. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო საბოლოოდ გაკეთებული საქმე და გამარჯვების მოსაპოვებლად დასკვნითი პერიოდის არანაკლებ შედეგიანად ჩატარება იყო საჭირო. გურჯაანელებმა მეტიც შეძლეს. თითოეული მოთამაშის უდიდესი ბრძოლისა და თავდადების შედეგად დასკვნითი პერიოდი ისე გაილია, დელტას გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. ზუკა მაჩალაძე, ლევან მასხულია, ვახტანგ ქადარია, ოთარ ფხაკაძე და რა თქმა უნდა ლეგიონერები – ეივი ტუმერი და რიკარდო ლინჩი მეტოქეს ორთაბრძოლებში მილიმეტრს არ უთმობდნენ. ძიძიგურის გუნდის გამარჯვება უფრო ამ ბრძოლის დამსახურება გახლდათ, ვიდრე მეტოქეზე უკეთესი ტაქტიკითა და კომბინაციებით თამაში. ამ ბრძოლის კარგი ილუსტრატორი გახლავთ სტატისტიკა და განსაკუთრებით ჩაჭრები – 11 3-ის წინააღმდეგ დელტას სასარგებლოდ.
ეივი ტუმერმა ოთარ ფხაკაძესთან ერთად ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა. ამერიკელმა 21 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა, ფხაკაძის ანგარიშზე კი 13 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა დაგროვდა. 13 ქულა კიდევ ორმა დელტელმა მოაგროვა – ლევან მასხულიამ და რიკარდო ლინჩმა. ოლიმპში 17 ქულით ლინტონ ესლაისი გამოირჩა, 15 ქულა და 7 მოხსნა გიორგი ტურძილაძის ანგარიშზეა.
სუპერლიგის მე-2 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, 30 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.