სუპერლიგის მე-6 ტური დასრულდა და 5 დეკემბრამდე თამაშები აღარ გაიმართება. ორკვირიანი დასვენება სანაკრებო ფანჯრის გამოა. მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული გუნდი 26 და 29 ნოემბერს უკრაინასთან და ესპანეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს გამართავს. საქართველოს ნაკრებში სუპერლიგის გუნდებიდან 12 კალათბურთელია გამოძახებული.
ტურის ბოლო შეხვედრა რუსთავში გაიმართა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა “კაკტუსს” უმასპინძლა. ორივე გუნდს ცხრილში არასახარბიელო პოზიცია ეკავა – ორივეს თითო გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და შესაბამისად, 2 ქულის მოსაპოვებლად “რუსთავიც” მომართული იყო და “კაკტუსიც”.
ქვემოქართლელებმა სუპერლიგა 3 წაგებით დაიწყეს და პირველი გამარჯვება წინა ტურში, აუტსაიდერ “მეგასთან” მოიპოვეს. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ რუსთაველებს მეორე გამარჯვების მოსაპოვებლად ხელსაყრელი მეტოქე შეხვდათ, თუმცა შინაურ არენაზე გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს და ცხრილში ბოლო ადგილთან ერთად კრიზისში არიან.
მატჩი თავიდან თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა მეორე პერიოდიდან “კაკტუსის” ლეგიონერები ამოქმედდნენ. მათ ფეხი რევაზ როგავამაც აუწყო და სტუმრებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. მეორე ნახევარში სტუმართა ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა, მასპინძლებს კი თამაშის გადასარჩენად რესურსი არ აღმოაჩნდათ და შეხვედრა ისე დათმეს, შეხვედრას დაძაბულობა არ დასტყობია. “კაკტუსმა” საბოლოოდ 86:73 (სტატისტიკა) მოიგო და სუპელრიგაში მე-2 გამარჯვება მოიპოვა.
კაკტუსელებს 19 ქულითა და 7 მოხსნით ჯორდან ფორბსმა ულიდერა. 16 ქულა და 6 მოხსნა ანდრე ფოქსმა მიითვალა, ხოლო რევაზ როგავას ანგარიშზე 15 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. მასპინძელთაგან 18 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ისმაილ ჰოლისი. 17 ქულა კრისტიან კილინგის ანგარიშზეა.