კაკტუსმა თსუ-ს მოუგო და სუპერლიგის სათავეში რუსთავს შეუწყვილდა

კაკტუსმა თსუ-ს მოუგო და სუპერლიგის სათავეში რუსთავს შეუწყვილდა

სუპერლიგას 2 ლიდერი ჰყავს. გუშინ ცხრილში დაწინაურებულ რუსთავს დღეს კაკტუსი წამოეწია. 3-დან 3 მოგებით ეს გუნდები ცხრილის სათავეში არიან. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა კაკტუსელებმა მოგებათა სერია წარმატებით გააგრძელეს და დღეს, ოლიმპიურ სასახლეში თსუ-ს დამაჯერებლად – 83:74 (სტატისტიკა)

საბოლოო ანგარიშში დიდი სხვაობა არაა, თუმცა მატჩის ბოლო პერიოდმა ისე ჩაიარა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. კაკტუსელებმა ამ სეზონში სოლიდური გუნდი შეკრეს, რაშიც ლომის წილი დაუზარელ და დაცვაზე ორიენტირებულ ქართველებს და რაღა თქმა უნდა, ლეგიონერებს უდევთ. მაილს დენიელსმა თსუ-ს 31 ქულა ჩაუგდო, რითაც მეტოქეს შანსი გადაუწურა. მოგეხსენებათ, მხოლოდ შეტევა ხეირს ვერ მოიტანს, თუკი დაცვამ არ იყოჩაღა და ამ საქმეში კაკტუსელებმა მეტოქეს აშკარად აჯობეს. ეს ითქმის მეორე ნახევარზე, მანამდე კი თსუ-ს არაფერი უჭირდა. პირიქით – უნივერსიტეტელებმა პირველი პერიოდი 22:18 მოიგეს და დიდი შესვენებისთვისაც ლიდერობდნენ, თუმცა მთავარი ამბები მესამე პერიოდში განვითარდა.

ირაკლი ხოშტარიას ტაქტიკამ გაჭრა – მედგარი დაცვა და კონტრშეტევებზე აწყობილი თამაში. მესამე პერიოდი კაკტუსმა 21:15 მოიგო და მეოთხეში ლიდერობა 15 ქულამდე გაზარდა. ლექსო ლაფანაშვილი ბევრს ეცადა, წუთშესვენებებიც აიღო და ტაქტიკური გადაადგილებებიც მოახდინა, თუმცა საბოლოოდ ვერას გახდა. საბოლოოდ თამაში კაკტუსელთა კომფორტული გამარჯვებით დასრულდა, რაშიც მთავარი წილი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაილს დენიელს უდევს 31 ქულით. 15 ქულა დააგროვა რაიან ალენმა, ხოლო მაიზერ რევაზაშვილმა ყოფილ გუნდს 12 ქულა ჩაუგდო. თსუ-ში 20 ქულით გამოირჩა ნიკოლოზ დარბაიძე, გიორგი ცინცაძემ კი სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა – 14 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი.

სუპპერლიგის 3-მოგებიანი ლიდერების წამოწევის შანსი კავკასიას აქვს, რომელიც მომდევნო მატჩში ვერას ეთამაშება.