გუშინ თბილისში დაწყებული სუპერლიგის მორიგი ტური დღეს გრძელდება. რუსთავში ერთი, ხოლო თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 მატჩია დაგეგმილი, რომელთაგან პირველი დასრულდა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა “კაკტუსმა” 19 ქულის სხვაობით – 86:67 (სტატისტიკა) დაამარცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და ერთ დროს გასავარდნ ზონაში მყოფმა ცხრილში პოზიციები გაიმყარა. For its part, TSU has made matters worse.თავის მხრივ, თსუ-მ საქმე გაიუარესა.
ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მე-5 მატჩი წააგო, რაც სერიოზულ ჩავარდნაზე მიანიშნებს. უნივერსიტეტელებმა პირველი წრე 7 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულეს, თუმცა მეორე წრის ხუთივე მატჩი წააგეს და თუ დროზე არ გამოფხიზლდნენ, პლეი ოფში გასვლა სათუო ექნებათ. კაკტუსელებმა მეტოქე ბოლო პერიოდის ახალდაწყებულზე გატეხეს. მანამდეც ლიდერობდნენ, მაგრამ ჟღენტის გუნდმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა ვერა და ვერ მოიპოვა. თსუ-ს მოთამაშეები შეტევაში ხეირობდნენ და კაკტუსს შორს არ უშვებდნენ. პირველი პერიოდი 3-ქულიანი სხვაობით დასრულდა, დიდ შესვენებაზე კი კაკტუსი 5 ქულას იგებდა.
მესამე ათწუთეულში თსუ კიდევ უფრო ჩამორჩა, რაც ერთის მხრივ კაკტუსელთა ბასრი შეტევებით, მეორეს მხრივ კი თსუ-ს სუსტი დაცვის ბრალი იყო. ბოლო პერიოდი კაკტუსელთა 9-ქულიანი ლიდეორბით დაიწყო, თუმცა შეხვედრას აზრი მალევე დაეკარგა. კაკტუსელთა შეტევებს თსუ-ს დაცვა ვერ უმკლავდებოდა. განსაკუთრებით გამოსარჩევია სამაი ჰეინს-ჯონსისა და სანდრო სანაძის შედეგიანობა, რომლებმაც თითქმის ყველა პოზიციიდან ჩააგდეს და შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე ჟღენტის გუნდის ლიდერობამ 20 ქულას გადააბიჯა. თამაშის ბედიც აქ გაირკვა და კაკტუსელები გამარჯვებამდე აუღელვებლად მივიდნენ.
კაკტუსში ყველაზე სარგებლიანი სანდრო სანაძე გახლდათ, რომელიც, სხვათა შორის, წინა სეზონში თსუ-ს ღირსებას იცავდა. სანაძემ 21 ქულა მიითვალა ისე, რომ 5-დან 5 ორიანი, 4-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 26 ქულით ბომბარდირი ჰეინს-ჯონსი გახდა, ხოლო ეი ჯი სამბრის ანგარიშზე 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. თსუ-ში 17 ქულით საუკეთესო იყო რიჩარდ ქალდველი, ხოლო ბრენდონ სლაიმ შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.