სუპერლიგის მეორე მეოთხედფინალურ სერიაშიც მესამე, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. “ქუთაისისა” და “დინამოს” შემდეგ სერია მესამე მატჩამდე “ვერასა” და “კაკტუსის” დაპირისპირებაშიც მივიდა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა დიდი ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე, მთელ თამაშს რომ აგებდნენ და პერიოდულად, 10 ქულითაც ჩამორჩებოდნენ, ბოლო წამებზე მოახერხეს გამარჯვების მოპოვება – 77:76 (სტატისტიკა).
საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე 75:77 ჩამორჩენილ ვერას გათანაბრება შეეძლო. გუნდის ამერიკელი ლეგიონერი, აარონ პარკსი საჯარიმოს ხაზზე დადგა, პირველი ბურთი ჩააგდო და მეორე, გამთანაბრებელი ააცილა. რომ ჩაეგდო, თამაში დამატებით დროში გადავიდოდა, სადაც გამარჯვების მეტი შანსი ვერას ჰქონდა, რადგან ისედაც შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე კაკტუსელებს პერსონალურების გამო 2 ლიდერი გაუვარდათ.
ბოლო წუთებზე მე-5 პერსონალური მიიღეს და თამაშიდან გავიდნენ ეი ჯეი სამბრი და ლევან მასხულია. ორივე მათგანი გუნდს დიდად ეხმარებოდნენ და გუნდს ლიდერობდნენ. ჟღენტის გუნდმა თამაშამდე, მატჩისწინა მოთელვაზე მიღებული ტრავმის გამო დაკარგა მთავარი ლიდერი – სამაი ჰაინს ჯონსი, რომელმაც ფეხი ამოიბრუნა და თამაში ვერ შეძლო.
ვერელები მოგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ბოლო პერიოდში, შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე დავით გასიტაშვილის გუნდი 10 ქულით უგებდა, მაგრამ კაკტუსის კალათბურთელებმა ბოლომდე თავდადებით იბრძოლეს და გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.
კაკტუსში 20 ქულით საუკეთესო იყო სანდრო სანაძე. 17 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი ლევან მასხულიას ანგარიშზეა. 12 ქულა და 10 მოხსნა ეი ჯეი სამბრიმ მიითვალა. ვერაში 20 ქულითა და 10 მოხსნით აარონ პარკსი გამოირჩა. 14 ქულა და 14 მოხსნა ვახტანგ ქადარიამ მიითვალა. 13 ქულა ლუკა მაზიაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.
ამ გუნდების მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა 10 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება.