ლექსო ლაფანაშვილისა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა თსუ-მ ბრწყინვალე გამარჯვებით 6-მატჩიანი უიღბლო სერია შეწყვიტა. სწორედ ამდენ შეხვედრაში უნივერსიტეტელებს გამარჯვება არ ჰქონდათ მოპოვებული და დღეს, ზედიზედ მეშვიდე მარცხის პირას იყვნენ, როცა “ტიტებთან” მატჩის მესამე პერიოდის დასრულებამდე 3:20 წუთით ადრე 17 ქულით – 45:62 აგებდნენ. სწორედ ასეთი ჩამორჩენის შემდეგ, შეუპოვარი, გუნდური და გააზრებული თამაშის წყალობით თსუ-ელებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. საბოლოო ანგარიშია 84:81 (სტატისტიკა), რაც უნივერსიტეტელების ბოლომდე ბრძოლისა და შეუპოვრობის შედეგია.
მესამე პერიოდში 17 ქულით ჩამორჩენის შემდეგ თსუ-მ დაცვა გაამაგრა. მეტოქეს მაქსიმალურად უშლიდა ხელს ქულების აღებაში, თავად კი მეტოქის ნახევარზე სწრაფად გადადიოდა და შეტევების მრავალფეროვანი დაბოლოვებით ქულებს იხვეჭდა. უნივერსიტეტელთა შეტევებს ორგანიზებას ბრენდონ სლაი უწევდა, რომელიც უფრო ხშირად, როცა მცირედი შანსი მიეცემოდა, უტევდა.
მესამე პერიოდის ბოლომდე თსუ-ელებმა ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირეს და ბოლო მეოთხედის დაწყებასთან ერთად გადამწყვეტი იერიში წამოიწყეს. მთავარი გარღვევა უნივერსიტეტელებმა ბოლო პერიოდის შუაწელში მოახდინეს, როცა მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე 63:73 აგებდნენ და მომდევნო ხუთწუთნახევარში მეტოქეს 18:2(!) აჯობეს. ამ საოცარ გაქცევაში თსუ-ს თითქმის ყველა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა, თუმცა გამორჩეულები ბრენდონ სლაი, ბრაის სმიტი, მიხეილ ჭოჭუა და ქუენთინ დავი იყვნენ. ძირითადად სწორედ ამ მოთამაშეთა ქულებითა და მთელი თსუ-ს მედგარი დაცვით მოხერხდა გადამწყვეტი გაქცევის განხორციელება, რამაც 3 პერიოდის მანძილზე ლაღად მოთამაშე “ტიტები” საბოლოოდ გატეხა.
ბოლო წუთზე თსუ 81:75 იგებდა და ლამის ჯიბეში მქონე გამარჯვება კინაღამ ხელიდან გამოეცალა. ჯერ ჯორდონ თალიმ, შემდეგ თეიმურაზ ბაბუნაშვილმა სამქულიანები ჩააგდეს და ანგარიში გაათანაბრეს – 81:81. თსუ-ს ბოლო შეტევისთვის 22 წამი დარჩა. ბურთი და თამაში საკუთარ ხელში ბრენდონ სლაიმ აიღო, რომელმაც ბურთი ბოლომდე გაათამაშა და საფინალო სირენამდე 0.9 წამით ადრე ამერიკელმა ლეგიონერმა ისე ჩააგდო ორქულიანი, მასზე მეურვე დაჯარიმდა. სლაიმ ბონუს-სროლაც ჩააგდო და უნივერსიტეტელებს ნანატრი გამარჯვება მოუტანა.
თსუ-ში საუკეთესო, რა თქმა უნდა, ბრენდონ სლაი გახდა: 24 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი. 15 ქულა ქუენთინ დავმა, ხოლო 11 – ბრაის სმიტმა მოაგროვეს. ტიტებში 19 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ტაილან ბირტსი. 16 ქულა ჯორდონ თალიმ, ხოლო 13 – პრინს უილიამსმა მოაგროვა.
ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს ოლიმპი და ვერა დაუპირისპირდებიან.