“მგზავრებმა” “ოლიმპს” სძლია და რეგულარულ ჩემპიონატში მე-2 ადგილი გაინაღდა

“მგზავრებმა” “ოლიმპს” სძლია და რეგულარულ ჩემპიონატში მე-2 ადგილი გაინაღდა

საკმაოდ პრინციპული გახლდათ სუპერლიგის მე-17 ტურის მორიგი მატჩი “ოლიმპსა” და “მგზავრებს” შორის. გამარჯვება ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ “მგზავრებს” ცხრილში მეორე ადგილს უნაღდებდა, რასაც პლეი ოფში პრინციპული მნიშვნელობა აქვს: ერთის მხრივ, შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფი გუნდთან შეხვედრისა და მთავარი, მოედნის უპირატესობის მხრივ. თუკი რეგიონის გუნდი შეხვდება, “მგზავრებს” მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში მოედნის უპირატესობა ექნება. ბერიშვილის გუნდმა მიზანს მიაღწია: “ოლიმპს” 84:72 სძლია და ზემოთხსენებული ბონუსების მომტანი მეორე ადგილი გაინაღდა.

უნდა აღინიშნოს, რომ “მგზავრებმა” გამარჯვების მოპოვება საკმაოდ დიდი ძალისხმევის ხარჯზე მოახერხეს. ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი მესამე პერიოდში 8 ქულით – 43:51 აგებდა და სწორედ ამის შემდეგ მოახდინა გარდატეხა. მწყობრი დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე “მგზავრებმა” ჯერ ანგარიში გაათანაბრა (51:51), შემდეგ კი ლიდერობასაც დაეპატრონა. მესამე მეოთხედი 26:11 მოიგო და ბოლო ათწუთეულის წინ 65:58 დაწინაურდა.

ბოლო მეოთხედში ვითარება არ შეცვლილა. “მგზავრებმა” მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და სუპერლიგის მე-17 მატჩში მე-12 გამარჯვება მოიპოვა. დარჩენილ მატჩებში ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, “მგზავრები” მე-2 ადგილზე დარჩება, რაც ამ გუნდისთვის საკმაოდ სოლიდური წარმატებაა. გამარჯვებულებს 19-19 ქულით კახა ჯინჭარაძემ, პრინს უილიამსმა და ადრიან ბოუიმ ულიდერეს. ბოუიმ გასულ 2 მატჩში (სუპერლიგის მე-16 ტურში და თასზე) სამმაგი დუბლი შეასრულა, დღეს კი ამ გამორჩეულ შედეგამდე 1 პასი დააკლდა: 19 ქულა, 10 მოხსნა, 9 პასი. “ოლიმპში” 22 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო მარკ ოგდენი.

ოლიმპი – მგზავრები
სტატისტიკა: 82:94