სუპერლიგის ნე-14 ტურის ბოლოსწინა მატჩს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ერთმანეთს ლიდერთა შორის ადგილის დასამკვიდრებლად მებრძოლი “მგზავრები” და “ტიტები” შეხვდნენ. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილ დებიუტანტ “ტიტებს” 13 ტურის შემდეგ 5 მოგება ჰქონდა და ცხრილში მე-7 ადგილზე გახლდათ, თუმცა გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 1 ქულა აშორებს და დარჩენილ ტურებში საიმედოდ რომ ყოფილიყო, ამ მატჩის მოგება ჰაერივით სჭირდებოდა.
არ გამოვიდა. “ტიტებმა” ბოლომდე იბრძოლეს და ბოლო წუთზე შანსიც გამოუჩნდათ, თუმცა ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” გადამწყვეტ მომენტში მეტი მობილიზება გამოავლინა, რევაზ ჩაჩანიძემ საკვანძო ჩაჭრა განახორციელა და მატჩს წერილი დაუსვა. “მგზავრებმა” საბოლოოდ 91:86 გაიმარჯვეს და 14 მატჩიდან 9 მოგებით “დინამოსთან” ერთად მე-2 ადგილზე დამკვიდრდნენ.
თამაშს თანაბარი ეთქმოდა. “მგზავრები” ნიადაგ ლიდერობდა, თუმცა ილია ლონდარიძის, გიორგი შარაბიძის, კაშიმ რენსომისა და ლუკ მეიერის შედეგიანი თამაში “ტიტებს” შანსს ბოლომდე უნარჩუნებდა. “მგზავრები” უფრო გუნდურად თამაშობდნენ და იმიტომაც იყო, რომ მატჩის მსვლელობისას რამდენიმე მომენტი იყო, როცა სერიოზულად გაუჭირდათ.
მატჩის დასრულებამდე 2,20 წუთით ადრე “მგზავრების” ლიდერმა ედრიან ბოუიმ ზუსტი სამქულიანით თავისი გუნდი 87:77 დააწინაურა. თითქოს ყველაფერი აქ გადაწყდა, თუმცა “ტიტებმა” ფარ-ხმალი არ დაყარეს და კაშიმ რენსომისა და გიორგი შარაბიძის შედეგიანობით ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს. გამოსარჩევია შარაბიძის ზედიზედ 2 სამქულიანი, რომლის შემდეგაც, საფინალო სირენამდე 32 წამით ადრე ანგარიში 89:86 გახდა.
კარგი დაცვის ხარჯზე “ტიტებმა” მეტოქის ფორვარდ პრინს უილიამსს ზონის წესის დარღვევა აიძულეს და 3 ქულით ჩამორჩენილებს ანგარიშის გასათანაბრებლად 11 წამი დარჩათ. მეტოქის ნახევრიდან გამოტანილი ბურთი “ტიტებმა” ვერ გაათამაშეს. რენსომს რევაზ ჩაჩანიძემ ჩაუჭრა, რომელიც ფართან პირისპირ დარჩა და ის ჯარიმით შეაჩერეს. მატჩის ბედიც აქ გაირკვა. ჩაჩანიძემ ორივე საჯარიმო ჩააგდო და “მგზავრები” მიუწვდომელი გახადა.
გამარჯვებულებს 23 ქულით, 8 მოხსნით და 4 პასით ედრიან ბოუიმ ულიდერა. 19-19 ქულა კახა ჯინჭარაძემ და პრინს უილიამსმა მიითვალეს. 18 ქულა რეზო ჩაჩანიძის ანგარიშზე დაგროვდა. “ტიტებში” 23 ქულით საუკეთესო იყო გიორგი შარაბიძე. 20 ქულა ლუკ მეიერმა მოაგროვა, ხოლო ილია ლონდარიძემ 20 ქულა და 11 მოხსნა. რენსომმა შეხვედრა 19 ქულითა და 10 პასით დაასრულა.
მე-14 ტური 24 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დანიშნული “დელტა” – “ბათუმის” დაპირისპირებით დასრულდება.
ტიტები – მგზავრები
სტატისტიკა: 86:91