მოქმედმა ჩემპიონმა “ქუთაისი 2010”-მა სუპერლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. მაშინ, როცა გუნდების უმეტესობას 2 მატჩი აქვთ ჩატარებული, კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ჩემპიონატის პირველი მატჩი დღეს გამართეს. ამის მიზეზი ერთის მხრივ სუპერსათასო მატჩი გახლდათ, რომელიც სუპერლიგის გახსნის დღეს გაიმართა, ხოლო მეორე ტურში ქუთაისელები ისვენებდნენ.
იმერულმა კლუბმა გასული სეზონის ფინალისტ “ოლიმპს” უმასპინძლა და სერიისას დაწყებული მოგებათა სერია წარმატებით გააგრძელა. შესაბამისად, დავით როგავას გაწვრთნილმა თბილისურმა გუნდმა მარცხი განიცადა, რაც მიმდინარე სუპერლიგაში მეორე გახლდათ და საჩემპიონო ამბიციის გუნდი მოგების გარეშე და ცხრილის ბოლოშია.
საკვანძო გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც ქუთაისელებმა 34:21 მოიგეს და მანამდე თანაბრად მიმდინარე შეხვედრის მიწურულისკენ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს – 79:65. ოლიმპს წინ მთელი 1 პერიოდი ჰქონდა და ცხადია, მოსაგებად გაიწია. დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა ბრძოლისა და სიზუსტის ხარჯზე ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა. ეს მოხდა ბოლოსწინა წუთზე, ლინტონ ესლაისის სროლის შემდეგ, როცა ანგარიში 87:86 გახდა.
ოლიმპელებს გამარჯვებამდე მცირედი აკლდათ, მაგრამ მეტოქის გაფუჭებული შეტევა ვერ შეირგეს. ესლაისმა საპასუხო შეტევაში 3-ქულიანი ააცილა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა, ლუკა კალატოზიშვილმა მოხსნა, თუმცა დრუ კუქსჰაუსენმა ბურთი დაკარგა და ოლიმპის შანსებიც განიავდა.
ქუთაისმა საბოლოოდ 89:86 (სტატისტიკა) მოიგო და დუდუ დადიანის მემორიალსა და სუპერთასზე დამარცხებით რეპუტაციადაქვეითებულმა რეაბილიტაცია მოახდინა. გამარჯვებულებს ლუკა მაზიაშვილმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა, 6 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. 16 ქულა და 8 მოხსნა სტენლი დევისის ანგარიშზეა, ჯარვის რეიმ და კარტერ სკაგსმა 13-13 ქულა მიითვალეს. ოლიმპელთაგან 29 ქულა ჰქონდა ზემოხსენებულ ესლაისს, ვლადიმერ თავაქარაშვილის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.
სუპერლიგის მიმდინარე ტურის მორიგი მატჩი 5 ნოემბერს, რუსთავში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “მეგა” ჩავა.