საკალათბურთო კლუბ “მეგაში” დღეს დებიუტი ჰქონდა გუნდის 2 ახალ წევრს – მთავარ მწვრთნელ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილსა და აფრიკული ფესვების მქონე ავსტრალიელ ცენტრ დენგ აკუთის. სუპერლიგის დებიუტანტმა 24 ქულით მოიგო, ახალმა ლეგიონერმა კი შეხვედრა 13 ქულით, 19 მოხსნითა და 3 დაფარებით დაასრულა. აკუთის სარგებლიანობის ინდექსმა 33 შეადგინა და თამამად შეიძლება ითქვას: “მეგას” მოთამაშესა და მწვრთნელს ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდათ.
სუპერლიგის დებიუტანტს ზედიზედ 5 მატჩი ჰქონდა წაგებული და მოგება ჰაერივით სჭირდებოდა. თავის მხრივ, “კაკტუსიც” აუტსაიდერებშია. ორივე გუნდს 2-2 მოგება ჰქონდა და წარმატების შემთხვევაში, გამარჯვებული ცხრილის შუისკენ აიწევდა.
“მეგამ” ძალიან სწრაფი კალათბურთი ითამაშა, თუმცა სისწრაფეში არც მიზანი გამრუდებიათ. როგორც სწრაფი გარღვევებით, ისე შორი სროლებით ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი კალათბურთელები შეუჩერებლები იყვნენ. პირველი პერიოდი “მეგამ” 27:19 მოიგო, მეორე – 23:20 და დიდი შესვენებაზე ხელსაყრელი ლიდერობა დაიბევა. შესვენების შემდეგ მეგას კალათბურთელებმა ტემპი არ დააგდეს, გუნდს დიდ სამსახურს უწევდა ავსტრალიელი ცენტრი, რომელიც 211 სანტიმეტრი სიმაღლის კვალობაზე ძალიან სწრაფი, მოქნილი და მიზანში მტყორცნელი კალათბურთელია.
თამაში ისე ჩამთავრდა, “მეგას” ლიდერობას საფრთხე არ დამუქრებია. საბოლოოდ სუპერლიგის დებიუტანტმა 88:64 (სტატისტიკა) იმარჯვა და ცხრილში მერვე ადგილზე – “რუსთავსა” და “კაკტუსს” შორის დამკვიდრდა. სუპერლიგის პირველი წრის ბოლო, მე-10 ტური 28 და 29 დეკემბერს გაიმართება.