გუშინ დაწყებული სუპელრიგის პირველი წრის ბოლო, მე-11 ტური დღეს გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 4 მატჩიდან პირველი დასრულდა. დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში თბილისის “ოლიმპმა” “ბათუმი” 79:74 (სტატისტიკა) დაამარცხა და ახალ წელს სუპერლიგის ცხრილის მე-4 საფეხურზე შეხვდება.
აქამდეც მე-4 ადგილზე იყო, თუმცა ამ პოზიციას “ოლიმპი” სწორედ “ბათუმთან” იყოფდა. ორივე გუნდს 5 მოგების წილ 4 მარცხი ჰქონდა და გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრაც საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. “ოლიმპი” ჯერ კიდევ ძირითად დროში იყო გამარჯვებასთან ახლოს, თუმცა 7-ქულიანი უპირატესობა, რომელსაც ძირითადი დროის ბოლოსწინა წუთზე ფლობდა, ვერ შეინარჩუნა.
საბა ლობჯანიძემ სამქულიანითა და საჯარიმოებით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, ხოლო ძირითადის დროის ბოლო შეტევაში ოლიმპელებმა სამი მცდელობა ვერ გამოიყენეს – ყველა ნასროლი აუცდათ და თამაში ოვერტაიმში გადაიზარდა. დამატებით ხუთწუთეულში ბათუმელები წინ არ გასულან. მშრალი 2 წუთის შემდეგ ოლიმპელებმა 2 ორქულიანი ჩააგდეს, 75:71 დაწინაურდნენ და მოპოვებული ხელჩასაჭიდი უპირატესობა ამჯერად ბოლომდე შეინარჩუნეს.
ოლიმპში საუკეთესო შედეგი გუნდისა და სუპერლიგის ბომბარდირმა კახა ჯინჭარაძემ დააფიქსირა: 25 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი. ილია ლონდარიძემ 20 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა და 15 მოხსნა ლუკა კალატოზიშვილის ანგარიშზეა. ბათუმელებში 14 ქულით ბომბარდირი გახდა გიორგი ოჩხიკიძე. 13 ქულა და 13 მოხსნა ბექა ბექაურმა მიითვალა. 13 ქულა დაგროვდა ოთარ პერტაიას ანგარიშზეც.
მომდევნო მატჩში ტიტები თსუ-ს დაუპირისპირდება.