ოლიმპმა თსუ ბოლო წამებზე დაამარცხა და სუპერლიგაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა

ოლიმპმა თსუ ბოლო წამებზე დაამარცხა და სუპერლიგაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა

გუშინ ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-14 ტური დღეს თბილიში გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დღეს დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველი დასრულდა. ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და “ოლიმპი” შეხვდნენ. უშუალო კონკურენტების მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წუთზე გადაწყდა. 

თამაში უნივერსიტეტელთა უპირატესობით წარიმართა და თითქოს გამარჯვებაც მათ უნდა დარჩენოდათ, მაგრამ “ოლიმპმა” ბოლო პერიოდი 26:16 მოიგო და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც ჩაიწერა – 79:74 (სტატისტიკა). მთლიანობაში “ოლიმპის” გამარჯვება დიდად განაპირობა გუნდის შემტევი უკანახაზელის, კახაბერ ჯინჭარაძის საუცხოო თამაშმა, რომელმაც 30 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, ამასთან ბოლო წამებზე მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო და დაცვაშიც საიმედოდ გაისარჯა.  ოლიმპში 15 ქულით ჰოლდენი გამოირჩა, ხოლო რევაზ როგავამ თავი 13 ქულას მოუყარა.

თსუ-ს საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულმა კალათბუთელებმა – გიორგი კორსანტიამ და ცენტრმა გიორგი ტურძილაძემ ულიდერეს. კორსანტიამ 19 ქულა და 11 მოხსნა, ხოლო ტურძილაძემ 16 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. 15 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ კანდიდატს სანდრო სანაძეს. 

ამ გამარჯვებით ოლიმპმა თსუ-სთან ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა და მე-3 ადგილზე განთავსდა. თსუ-ს წაფორხილებით კი “ბათუმმა” ისარგებლა, რომელიც სუპერლიგის ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.