ოლიმპმა ცხუმ-აფხაზეთი დაამარცხა და ცხრილის სამეულში შევიდა

ოლიმპმა ცხუმ-აფხაზეთი დაამარცხა და ცხრილის სამეულში შევიდა

ფიბა-ს სანაკრებო ფანჯრის დასრულების შემდეგ განახლდა სუაკალათბურთო სუპერლიგა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 1 მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ცხუმ-აფხაზეთი და ოლიმპი დაუპირისპირდნენ. ეს გუნდები ცხრილში 6-6 მოგებ-წაგებით იყვნენ და შესაბამისად, მათ დაპირისპირებას ძალიან პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. 

ორივე გუნდი საკმაოდ ამბიციურია და ცხრილის შუაში მყოფებს გამარჯვება სოლიდურ ბიძგს აძლევდა. შეხვედრაც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მატჩის დებიუტში მცირე უპირატესობას ცხუმელები დაეუფლნენ. ჯოშუა მაკფოლი საკმაოდ შედეგიანად ირჯებოდა და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი ცხუმელებიც დაწინაურდნენ. შემდეგ ოლიმპმა სიჩქარე აკრიფა, თუმცა სანამ სწრაფ შეტევებზე გადავიდოდა, დაცვა გაამაგრა.

პირველი პერიოდი ფრედ – 25:25 დასრულდა, მეორედან კი ეროვნული ნაკრების ოლიმპელი წევრი, კახა ჯინჭარაძე ამოქმედდა, რომელსაც გვერდს ლეგიონერები – კენდრიკ ტომპსონი, დევანტე ფოსტერი და დონოვან სმიტი უმაგრებდნენ. მეორე ათწუთეული ოლიმპელებმა 20:15 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 5-ქულაინი ლიდერობით გავიდნენ.

მესამე პერიოდში ოლიმპელებმა კიდევ უფრო გააძლიერეს შეტევა, რასაც საიმედო დაცვის ფონზე ეფექტი ჰქონდა. შედეგად დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპმა პერიოდი 24:20 ქულით მოიგო და ბოლო ათწუთეულის წინ 9 ქულით დაწინაურდა. დარჩენილ დროში ცხუმ-აფხაზეთი ბევრს ეცადა, მაგრამ მის მოთამაშეებს მონდომება გამარჯვებით არ დაუფასდათ. ოლიმპმა მატჩის ბოლო პერიოდი სტაბილურად ჩაატარა და გამარჯვებამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მივიდა – 89:81 (სტატისტიკა).

ოლიმპში 27 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 19 ქულა კენდრიკ ტომპსონმა მოაგროვა – 14 – დევანტე ფოსტერმა, ხოლო დონოვან სმიტის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. ცხუმ-აფხაზეთში 27 ქულა ჰქონდა ჯოშუა მაკფოლს, 14 ქულა და 10 მოხსნა ალექსანდრე ფევაძემ მიითვალა. ამ გამარჯვებით ოლიმპი მე-3 ადგილამდე აღზევდა, ცხუმ-აფხაზეთი კი მე-5-ზე დაეშვა.