სუპერლიგის მე-4 ტური დასრულდა. ბოლო მატჩში ერთმანეთს მიმდინარე სეზონის 2 ამბიციური გუნდი – “ოლიმპი” და “ცხუმ-აფხაზეთი” შეხვდნენ. 2 მოგებითა და 1 მარცხით “ოლიმპი” ცხრილის შუაში იყო, ცხუმელებს კი 2-დან 2 გამარჯვება ჰქონდათ და წარმატების შემთხვევაში ლიდერთა შორის ადგილს მყარად დაიმკვიდრებდნენ. საკმაოდ საინტერესო, დაძაბული პირველი ნახევრის მიუხედავად ბრძოლა არ შედგა. დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა უძლავრესი მესამე პერიოდი ითამაშეს, რომელიც 20 ქულით მოიგეს და თამაშის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს – 75:58 (სტატისტიკა).
არადა, ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა “ცხუმ-აფხაზეთმა” პირველი ტაიმი საკმაოდ დამაჯერებლად – 34:27 მოიგო. დიდი შესვენება ოლიმპელებმა საკმაოდ კარგად გამოიყენეს და გასახდელში დაგეგმილს ხორცი მოედანზე შეასხეს. მესამე პერიოდი და “ოლიმპის” შტურმი ერთდროულად დაიწყო. სწრაფი შეტევებითა და შორი სროლებით როგავას გუნდმა ლიდერობა მყისვე მოიპოვა და ათწუთეულის დასრულებამდე მეტოქე გვარიანად ჩამოიტოვა. აღნიშნული მეოთხედი “ოლიმპმა” 34:14 მოიგო და ბოლო ათწუთეულის წინ 13 ქულით ლიდერობდა.
“ცხუმ-აფხაზეთისთვის”იმდენად დამთრგუნველი იყო მეტოქის ასეთი თამაში, რომ დარჩენილ დროში მათ ვერაფერი ვეღარ შეცვალეს. საბოლოოდ “ოლიმპი” დამაჯერებლად მივიდა სასურველ შედეგამდე და 4 ტურის შემდეგ 3 მოგებით სუპერლიგის ლიდერებში გაერია. გამარჯვებულთაგან დავით ლომიძე გამოირჩა, რომელმაც 6 ცდიდან ყველა სამქულიანი ჩააგდო. ჯამში მის ანგარიშზე 24 ქულა დაგროვდა, ლუკა კალატოზიშვილმა 19 მოაგროვა, ილია ლონდარიძემ კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა. “ცხუმ-აფხაზეთში” 14 ქულით ბომბარდირი გახდა გიორგი შარაბიძე, ლევან მასხულიას ანგარიშზე კი 12 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.
სუპერლიგის მე-5 ტურის მატჩები 13 და 14 ნოემბერს, თბილისში გაიმართება.