სუპერლიგის პირველი წრე, რომლის განმავლობაშიც 55 მატჩი ჩატარდა, დღეს დასრულდა. სუპერლიგის 11 გუნდი ერთმანეთს თითოჯერ შეხვდა, ანუ რეგულარული ჩემპიონატის ნახევარი დასრულებულია. სანამ მეორე წრე დაიწყებოდეს, გუნდებს სეზონის კალენდრით თასის გათამაშებისა და მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მემორილის მატჩების ჩატარება მოუწევთ.
პირველი წრე “ცხუმ-აფხაზეთისა” და “მეგას” მატჩით დასრულდა. სუპერლიგის დებიუტანტს ხელი დაატყო მწვრთნელმა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა, რომელმაც გუნდი 2 ტურის წინ ჩაიბარა და დებიუტი ხომ “კაკტუსის” ძლევით აღნიშნა, დღეს ამბიციურ “ცხუმ-აფხაზეთსაც” სძლია. სიმბოლურია, რომ ჩერქეზიშვილი გასულ წელს სწორედ ცხუმ-აფხაზეთს წვრთნიდა და დღევანდელი გამარჯვება გამოცდილი მწვრთნელისთვის სატურნიროზე არანაკლებ, პრინციპული მნიშვნელობის იქნებოდა.
არადა, მეორე პერიოდში ცხუმელები მთელი 18 ქულით (33:15) იგებდნენ და “მეგა” განწირული ჩანდა, თუმცა ჩერქეზიშვილის გეგმაზომიერმა ტაქტიკურმა ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და ანგარიშში სხვაობამ კლება იწყო. დიდ შესვენებამდე მეგას მოთამაშეებმა ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს და მთავარი დარტყმა მეტოქეზე მესამე პერიოდში მიიტანეს. ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ათწუთეულის მეორე წუთიდან შტურმი წამოიწყო და 14:0 გაქცევით 37:44 ჩამორჩენა 51:44 ლიდერობად აქცია. ამ მონაკვეთში 10 ქულა ჩააგდო მეგას ამერიკელმა ლეგიონერმა დემონტე ფლანიგანმა, რომელსაც ხელი ტაილერ კორბინმაც შეაშველა და ჩერქეზიშვილის გუნდმა პერიოდი 23:8 მოიგო.
ბოლო პერიოდში მეგამ ტემპი არ დააგდო და ლიდერობა 14 ქულამდე გაზარდა, რაც გამარჯვებას ნიშნავდა. ცხუმელებმა ბოლო წუთებზე მეტოქეს მთელი ძალებით შეუტიეს და ჩერქეზიშვილი ცოტა ანერვიულეს, თუმცა “მეგა” გამარჯვებამდე მაინც მშვიდად მივიდა – 74:68 (სტატისტიკა) და პირველ წრესთან ერთად 2021 წელი სასიამოვნო ნოტაზე დახურა. 4 მოგებითა და 6 მარცხით სუპერლიგის აუტსაიდერი გუნდი ცხრილის მე-7 საფეხურზე განთავსდა და ბურთების შეფარდებით უსწრებს ცხუმ-აფხაზეთს და ტიტებს, ხოლო კაკტუსს და დინამოს შესაბამისად 2 და 3 ქულით ჯობნის.
დღევანდელ გამარჯვებაში 21-ქულიანი წილი ტაილერ კორბინმა დაიდო. 17 ქულა ფლანინგანმა მიითვალა, ხოლო მეგაში მეორე მატჩის ჩამტარებელმა დენგი აკუთიმ თავი 17 მოხსნასა და 7 ქულას მოუყარა. “ცხუმ-აფხაზეთში” 15 ქულით ლევან მასხულია გამოირჩა, 13 ქულა ტაილერ გრინის ანგარიშზეა.
შეგახსენებთ სუპერლიგის ფორმატს, რომელიც ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ორწრიან რეგულარულ ჩემპიონატს გულისხმობს, რის შემდეგაც საუკეთესო 8 გუნდი პლეი ოფში გადის. ბოლო ადგილზე გასული გუნდი “ა” ლიგაში ჩადის, ხოლო მეათეადგილოსანი “ა” ლიგის მეორე გუნდთან სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო ეტაპს თამაშობს.