სუპერლიგის მეოთხედფინალურ სერიაში, რომელშიც “ქუთაისი” და “დინამო” ხვდებიან, მესამე, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. ამ გუნდებს შორის ნახევარფინალში გავა ის, რომელიც 9 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე დანიშნულ შეხვედრას მოიგებს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “დინამოს” 94:79 (სტატისტიკა) სძლიეს და მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში 1:1 გაათანაბრეს.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. განსაკუთრებით საწყისი სამი პერიოდი. უმეტესად ქუთაისელები იგებდნენ, რომლებიც სტაბილურად კარგად თამაშობდნენ როგორც წინა, ისე უკანა ხაზში. ფარქვეშ ილია ლონდარიძისა და აკაკი დვალიშვილის წყვილი მოქმედებდა, პერიმეტრზე კი კაჰიმ რენსომი, დეჟან რაითი და ლუკ მეიერი აქტიურობდნენ. დინამომ 22:31 წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ უპირატესობა მოიპოვა, მეტოქე 37:33 ჩამოიტოვა და ქუთაისელები რთული ამოცანის წინაშე დააყენა.
კოტე ტუღუშმა წუთშესვენება აიღო და მოედანზე გადაადგილებები გააკეთა. დიდ შესვენებამდე გუნდები თანაბრად მივიდნენ, მესამე პერიოდიდან კი ქუთაისელებმა მეთოდურად უპირატესობის განმტკიცება იწყეს და ამ საქმეს თავი კარგად გაართვეს. მთავარი საფრთხე, რაც ქუთაისელებს პერიმეტრიდან ემუქრებოდათ, მწყობრი დაცვის ხარჯზე არიდებული იყო, რამაც იმერულ კლუბს საქმე გაუიოლა და თამაშიც სასურველი სცენარით დასრულდა. დინამოს ალბანელმა თავკაცმა, მუჰამედ ტაჩიმ არაერთხელ სცადა ვითარების შეცვლა, მაგრამ ვერას გახდა. გადამწყვეტ პერიოდში იმერული გუნდი უშეცდომოდ ირჯებოდა და საბოლოოდ დამსახურებულადაც გაიმარჯვა.
ქუთაისელებს ჟოელ ალმეიდამ ულიდერა, რომელმაც 18 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. 21 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკ მეიერი. 14 ქულა დეჟან რაითმა, ხოლო 10 ქულა და 7 მოხსნა აკაკი დვალიშვილმა მიითვალეს. დინამოში 16 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო მაიკლ ედვარდსი. 18 ქულით ბომბარდირი ლუკა ბულაშვილი გახდა.
როგორც აღვნიშნეთ, სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი 9 მაისს, ქუთაისში გაიმართება.