სუპერლიგის მე-6 ტური დღეს რეგიონებში დაიწყო. ქუთაისსა და ბათუმში 2 მატჩი გაიმართა, რომლებშიც ცხრილის სათავეში მყოფი გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. ჩემპიონატის ერთადერთმა დაუმარცხებელმა გუნდმა “ქუთაისმა” სუპერლიგის დებიუტანტ “მეგას” უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით – 82:72 (სტატისტიკა) დაამარცხა.
მატჩი სტუმრების უპირატესობით დაიწყო, რომლებიც სადებიუტო წუთებში მცირედით ლიდერობდნენ. პერიოდის მიწურულს ქუთაისელებმა უპირატესობა და შესაბამისად, ლიდერობა მოიპოვეს და ათწუთეული 20:18 მოიგეს. დიდ შესვენებამდე ქუთაისელებმა ზეწოლა გააძლიერეს და ლიდეორბა 7 ქულამდე გაზარდეს, თუმცა მესამე პერიოდიდან “მეგამ” თამაში გამოასწორა და ლეგიონერების წინამძღოლობით ჩამორჩენის გაბათილება იწყო. ერთ ეპიზოდში სტუმრებმა დაწინაურება მოახერხეს – 54:53, თუმცა ეს ქუთაისელებისთვის განგაშის სიგნალი აღმოჩნდა, რომლებმაც ლიდერობა დაიბრუნეს და თამაშისთვის განკუთვნილ დროში უპირატესობას ზრდიდნენ.
საბოლოოდ შეხვედრა ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. სუპერლიგის ლიდერმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში პოზიციები გაიმყარა – 5-დან 5 გამარჯვება. იმერულ კლუბს 18 ქულითა და 16 მოხსნით გიორგი კორსანტიამ ულიდერა. 13-13 ქულა ოთარ ფხაკაძემ და ნიკოლოზ სოსელიამ მოაგროვეს. აკაკი დვალიშვილი 11 ქულით, 7 მოხსნით და 3 ჩაჭრით გამოირჩა. “მეგაში 27 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო დემონტე ფლანიგანი.