სუპერლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა. გათამაშების ლიდერმა “ქუთაისმა”, რომელსაც დღემდე 7 მატჩიდან 7 გამარჯვება ჰქონდა, პირველი დამარცხება განიცადა. ეს საგმირო საქმე საკალათბურთო კლუბმა “ტიტებმა” გააკეთა, რომელიც სუპერლიგის ცხრილის ქვედა ნახევარში იყო და ამ გამარჯვებით მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.
ბესიკ ლეჟავას, ლაშა გამყრელიძისა და ლევან ჯაფარიძის გაწვრთნილმა “ტიტებმა” უხეირო სტარტის შემდეგ სუპერლიგაში ძალები მოიკრიბა. ლეჟავას გუნდმა წინა ტურში რუსთავში იმარჯვა, დღეს კი გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ “ქუთაისს” პირველი მარცხი აგემა. არადა, თამაში ისე დაიწყო, ამ შედეგს არაფერი მოასწავებდა. ქუთაისელებმა სტაბილურად დაიწყეს თამაში და პირველი პერიოდის შემდეგ 8 ქულით ლიდერობდნენ – 24:16.
დიდ შესვენებამდე ბევრი არაფერი შეცვლილა. ტიტების მოთამაშეებმა ჩამორჩენა 1 ქულით შეამცირეს და მეორე ნახევრიდან საქმეს ხელი მეტი შედეგიანობით მოკიდეს. გამართული დაცვითი ტაქტიკით ტიტებმა ქუთაისელთა შეტევები შეაჩერეს და კონტრშეტევების ჩამორჩენის გაბათილება იწყეს. ბოლო პერიოდის წინ ბესო ლეჟავას გუნდი მხოლოდ 1 ქულას აგებდა და მალე ლიდერობასაც დაეპატრონა. ზედიზედ მითვლილი ქულების წყალობით ტიტებმა 8-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა.
ქუთაისის მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა წუთშესვენება რამდენჯერმე აიღო, მაგრამ ვერაფერი შეცვალა. თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. ტიტებმა საამაყო გამარჯვება მოიპოვა – 91:79 (სტატისტიკა) და ცხრილში 4-4 მოგებ-წაგებით მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. გამარჯვებულებს 26 ქულით, 8 პასით და 7 მოხსნით ისააკ ასრატმა ულიდერა. 21 ქულა და 10 მოხსნა ჯავიონ ოგუნიემის ანგარიშზეა. 15 ქულა ლევან ბაბილოძემ მიითვალა. ქუთაისელთაგან 19 ქულით საუკეთესო იყო ჯარვის რეი, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა.