რუსთავმა ლიდერი ქუთაისი დაამარცხა და მეორე ადგილზე გადავიდა

რუსთავმა ლიდერი ქუთაისი დაამარცხა და მეორე ადგილზე გადავიდა

სუპერლიგის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი რუსთავში გაიმართა, სადაც სათამაშოდ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი “ქუთაისი” ჩავიდა. ქვემოქართლელებს ბოლო 2 შეხვედრა წაგებული ჰქონდათ, რის გამოც ცხრილში “კაკტუსი” წამოეწიათ და დღევანდელ მატჩში გამარჯვება მასპინძლებს ჰაერივით სჭირდებოდათ. “რუსთავს” დაუბრუნდა ცენტრალური თავდამსხმელი პოლ კუპერი, რომელმაც ქვემოქართლელთა ფარქვეშეთი მნიშვნელოვნად გაამაგრა და ეს შედეგზეც აისახა.

რუსთაველებმა მატჩი დაძაბულ ბრძოლაში – 86:80 მოიგეს, რაც გამართული თამაშის შედეგი გახლდათ. ქვემოქართლელებმა თამაში ზეშედეგიანად დაიწყეს – 10:0 გალიდერდნენ, მოგვიანებით კი 24:6 დაწინაურდნენ. მასპინძლები ყველა კომპონენტში დამაჯერებლად თამაშობდნენ – სწრაფ გარღვევებსაც შედეგიანად ახორციელებდნენ, შორიდანაც ზუსტად უტევდნენ და დაცვაშიც უბადლოდ ირჯებოდნენ. 

პირველი პერიოდის შემდეგ ქვემოქართლელები 32:17 დაწინაურდნენ, მეორე მეოთხედში კი სტუმრებმა ტემპს და შედეგიანობას უმატეს და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს. რუსთაველები პერსონალური ჯარიმებით დაიხუნძლნენ, რამაც მათი მწვრთნელი რამაზ გოგობერიშვილი აიძულა, როტაციისთვის ხშირად მიემართა. ქუთაისელებმა ამერიკელი უკანახაზელების – დეჟან რაიტისა და ჯონათან ლის ზუსტი შეტევების წყალობით მესამე პერიოდში ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო დასკვნით ათწუთეულში, საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს – 78:78. 

დასკვნით წუთებზე მატჩის ბედი რუსთაველთა კარგმა დაცვითმა თამაშმა და შეტევაში ზუსტმა კომბინაციებმა გადაწყვიტა. ადამ ბლეიზეკმა და ტაირელ ნელსონმა რუსთაველთა დამაწინაურებელი ქულები ჩააგდეს, ხოლო დაცვაში მოგერიებული ქუთაისელთა შეტევების შემდეგ გამარჯვება გაინაღდეს. მასპინძელთაგან 30 ქულით საუკეთესო გახლდათ ადამ ბლეიზეკი. 17 ქულა მოაგროვა ბრაიან ბერნარდიმ. 15 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა ტაირელ ნელსონმა, ხოლო რევაზ ჩაჩანიძემ და ლევან ცეკვავამ შეხვედრა 8-8 ქულით დაასრულეს. “ქუთაისში” 24 ქულით ჯონათან ლი გამოირჩა. 22 ქულა მიითვალა დეჟან რაიტმა, რომელიც ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ მოედანს წარმატებით დაუბრუნდა. 

რუსთავი – ქუთაისი
სტატისტიკა: 86:80

მატჩისშემდგომი კომენტარები

კოტე ტუღუში – “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი:

“მივულოცავ რუსთავის გუნდს გამარჯვებას. სამწუხაროდ, დავმარცხდით. რუსთავში საერთოდ ძალიან რთულია თამაში და ეს დღესაც დადასტურდა. პლეი ოფი ახლოვდება და ვცდილობთ,ცხრილში პირველ ადგილზე და კარგ ფორმაში შევხვდეთ გადამწყვეტ მატჩებს. მიუხედავად დღევანდელი მარცხისა, მაინც გვაქვს ლიდერობის ბოლომდე შენარჩუნების შანსი და ვეცდებით, დარჩენილ თამაშებში გავიმარჯვოთ”.

რამაზ გოგობერიშვილი – “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:

“მიმდინარე ჩემპიონატში 8 თანაბარი გუნდია და შესაბამისად, თითოეული გამარჯვების მოპოვებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ბოლო 2 მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ ბიჭებმა გაანალიზეს დაცვაში დაშვებული შეცდომები და ყველაფერი გააკეთეს გამარჯვების მოსაპოვებლად. ვულოცავ გუნდის წევრებს გამარჯვებას, ასევე გულშემატკივარს, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვიდგანან. ვეცდებით, დარჩენილი 4 ტური წარმატებით ჩავამთავროთ და შევინარჩუნოთ მეორე ადგილი, რაც პლეი ოფის პირველ და მეორე წრეში მოედნის უპირატესობას მოგვცემს”.