რუსთავმა ოლიმპი 35 ქულით დაამარცხა და 5-მატჩიანი წაუგებელი სერია გააწყვეტინა

რუსთავმა ოლიმპი 35 ქულით დაამარცხა და 5-მატჩიანი წაუგებელი სერია გააწყვეტინა

სუპერლიგის მე-9 ტური დასრულდა. დასკვნითი მატჩი რუსთავში გაიმართა, სადაც გეორგიოს კეცელიდისის გაწვრთნილი “რუსთავი” “ოლიმპს” შეხვდა. მატჩი ქვემოქართლური გუნდის იოლი გამარჯვებით – 94:59 დასრულდა, რითაც შეწყდა დიმიტრი ჯაკობოვის გუნდის 5-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია. სუპერლიგის 2 მარცხით დაწყების შემდეგ ოლიმპელებმა მიჯრით 5 გამარჯვება მოიპოვეს, დღეს კი, რუსთავში, წარმატებული სერია შეწყვიტეს.

მატჩის მიმდინარეობის აღწერას აზრი არ აქვს. შეხვედრა რუსთაველთა დომინაციით როგორც დაიწყო, ისე გაგრძელდა და დასრულდა კიდეც. გეორგიოს კეცელიდისის გაწვრთნილი გუნდი ერთი თავით მაღლა იდგა სუპერლიგის ლიდერთა შორის მყოფ “ოლიმპზე”. პირველივე პერიოდში რუსთაველებმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს, რომელსაც მომდევნო მეოთხედებში მეთოდურად ზრდიდნენ და საბოლოოდ დიდი სხვაობითაც გაიმარჯვეს.

ქვემოქართლურ გუნდში ყველა მოთამაშემ ჩააგდო ბურთი, ვინც მოედანზე გამოვიდა. ბომბარდირი გახდა ილია ლონდარიძე, რომელმაც 18 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. 15 ქულით გამოირჩა დენზელ ლივინგსტონი, 14 ქულა და 8 მოხსნა მერაბ ბოქოლიშვილის ანგარიშზე დაგროვდა. “ოლიმპში” 21 ქულით რევაზ როგავა გამოირჩა. 11 ქულა ნიკა რამიშვილმა მიითვალა. 

სუპერლიგის მომდევნო, მე-10 ტურის მატჩები 13, 14 და 15 დეკემბერს გაიმართება.

რუსთავი – ოლიმპი 
სტატისტიკა: 94:59