რუსთავმა ცხუმ-აფხაზეთი დაამარცხა

რუსთავმა ცხუმ-აფხაზეთი დაამარცხა

მოქმედი ჩემპიონი “რუსთავი” ფორმას უბრუნდება. ბევრი წაგებების შემდეგ ქვემოქართლურმა გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთაველებმა თბილისში ერთ-ერთი ფავორიტი “ცხუმ-აფხაზეთი” დაამარცხეს. ქვემოქართლელები დიდი სხვაობით აგებდნენ, მაგრამ მეორე და გადამწყვეტ ნახევარში შედეგიანად ითამაშეს და გამარჯვება გაიფორმეს – 93:84 (სტატისტიკა)

პირველ ნახევარში ცხუმ-აფხაზეთის უპირატესობა აშკარა იყო. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი გუნდი 17 ქულით – 45:28 დაწინაურდა, რაც გამარჯვებაზე სოლიდური განაცხადი გახლდათ. ქვემოქართლელებმა პირველი ტაიმის ბოლოსთვის ჩამორჩენა ოდნავ, 14 ქულამდე შეამცირეს და დიდ შესვენებაზე გავიდნენ.

მესამე პერიოდიდან მოედანზე ყველაფერი რუსთაველთა სასარგებლოდ შეიცვალა. ქვემოქართლურმა გუნდმა დაცვა გაამაგრა, რის ხარჯზეც შეტევაშიც გზა გაეხსნა და ჩამორჩენა ხომ გააბათილა, დაწინაურდა კიდეც. მესამე პერიოდი სტუმრებმა 28:11 მოიგეს და ბოლო მეოთხედს ლიდერის ამპლუაში შეხვდნენ.

ბოლო პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, თუმცა მცირე უპირატესობას რუსთაველები ფლობდნენ, რომლებმაც შანსი ხელიდან აღარ გაუშვეს და გამარჯვებამდე მივიდნენ. ქვემოქართლელებს 28 ქულით იშმაელ ჰოლისმა ულიდერა, ხოლო კრისტიან კილინგმა და ახალწვეულმა ლუვიენ პიპკინსმა 16-16 ქულა მიითვალეს. ცხუმ-აფხაზეთში 19 ქულით საუკეთესო იყო ტაილერ გრინი, ალეკსანდრ ფიკოკის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მე-7 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 6 დეკემბერს ჩატარდება.