რუსთავის გუნდი ამ ტურამდეც ლიდერი იყო და დღეს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. მართალია, ქულებით “ქუთაისთან” თანაბრადაა, თუმცა ქვემოქართლელებს კონკურენტზე ორით ნაკლები წაგება აქვთ და დაკარგული ქულებით სუპერლიგას დამაჯერებლად ლიდერობენ. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა “რუსთავმა” დღეს “ვერას” უმასპინძლა და ზედმეტი გართულების გარეშე, დამაჯერებელი სხვაობით – 79:53 (სტატისტიკა) დაამარცხა.
რუსთაველებმა ლიდერობა თანაბარი სადებიუტო წუთების შემდეგ მოიპოვეს და პირველი პერიოდის ბოლოს უკვე 10 ქულას იგებდნენ – 25:15. მასპინძლები ყველა რგოლში ჯაბნიდნენ მეტოქეს. უკანა ხაზში 2 აფროამერიკელი გამთამაშებელი – მაიკ დევისი და მალიქ უაითი ვერელ ოპონენტებს დაცვაში მოსვენებას არ აძლევდნენ. ფარქვეშ კი გეგი ბაქრაძე იყო გამაგრებული და ქულებსაც უხვად იხვეჭდა და დაცვაშიც კლდესავით იდგა.
მეორე მეოთხედში ქვემოქართლელებმა კიდევ უფრო გაილაღეს და უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდეს. ლევან ფაცაცია ბევრს ცდილობდა საკუთარი კალათბურთელების მომართვას და წუთშესვენებებზე მათ დავალებებსაც აძლევდა, მაგრამ ვერელები ვერ უმკლავდებოდნენ გამართულად მოთამაშე რუსთაველებს და მატჩისთვის განკუთვნილი დროც ისე ამოიწურა, ანგარიშში სხვაობა არ შემცირებულა.
რუსთაველებს მაიკ დევისმა ულიდერა – 19 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა. გეგი ბაქრაძემ 18 ქულა მიითვალა, მალიქ უაითის ანგარიშზე კი 13 ქულა და 6 პასი დაგროვდა. ვერელთაგან საუკეთესო იყო ჯოშ ჰავლი, რომელმაც 19 ქულა, 14 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 4 პასი მიითვალა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა ბრაისონ სკოტმა.
სუპერლიგის მე-12 ტური 13 თებერვალს, ოლიმპიურ სასახლეში, 1 მატჩით დასრულდება: “კაკტუსი” – “ცხუმ-აფხაზეთი” 14:00.