NBA-ს წინასასეზონო ეტაპზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“, რომელიც ამჯერად სან-ფრანცისკოში „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ ეწვია და 98:124 დათმო პაექრობა.
კალიფორნიელთა მარცხის მიუხედავად, მატჩის მთავარი გმირი სწორედ ქართველი ფორვარდი გახდა. სანდრო სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა და 15 ქულით „ლეიკერსის“ რიგებში საუკეთესო მექულე გახდა.
მამუკელაშვილმა პარკეტზე გამოყოფილ 18 წუთში საკმაოდ ეფექტური თამაში აჩვენა: 15 ქულასთან ერთად მან 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. ჩვენებურმა პერიმეტრიდან განსაკუთრებული სიზუსტე გამოავლინა — 4-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, ორქულიანები კი 6-დან 3 სიზუსტით სტყორცნა.
შეხსენებისთვის, ლოსანჯელესელთა ლიდერ ლუკა დონჩიჩს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება მასპინძლებს, „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში 16 ქულით სტეფ კარი გამოირჩა.
„ლეიკერსი“ მოსამზადებელი ეტაპის მორიგ პაექრობას 9 ოქტომბერს გამართავს, სადაც „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდება.