სუპერლიგაში მეორე წაგება რუსთავმა ბათუმში განიცადა – ბექა ბექაურის 10 დაფარება

სუპერლიგაში მეორე წაგება რუსთავმა ბათუმში განიცადა – ბექა ბექაურის 10 დაფარება

სუპერლიგის მე-17 ტური დღეს ბათუმში დასრულდა. აჭარის დედაქალაქს გათამაშების ლიდერი “რუსთავი” ესტუმრა და სუპერლიგაში მეორე დამარცხება განიცადა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმელებმა მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს, რითაც სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს. ბათუმელთა გამარჯვება დიდწილად განაპირობა ბექა ბექაურის დიდებულმა თამაშმა, რომელმაც სამმაგი დუბლი დაფარებებით შეასრულა. მის ანგარიშზე 14 ქულა, 14 მოხსნა და 10 დაფარება იყო.

რაც საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატში სტატისტიკის სრული და კომპიუტერული აღრიცხვა მიმდინარეობს,  დაფარებების ოდენობა ორციფრა რიცხვით მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს, დინამოელმა მილან ოლუიჩმა გამოსახა. ბექაურმა დღეს საქართველოს ჩემპიონატების მეორე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, რასაც 14-14 ქულა-მოხსნა მოაყოლა და სამმაგი დუბლი გაიფორმა. 

ქვემოქართლურ გუნდს ამ მატჩამდე 14 მოგება და 1 მარცხი ჰქონდა, მდევარ “ქუთაისს” კი მოგებ-წაგებათა შეფარდება 12-4-ზე აქვს. შესაბამისად, თუ ყველა თამაში არ წააგო, რუსთავი რეგულარულ ჩემპიონატს პირველ ადგილზე დაასრულებს. უნდათ თუ არა, ეს მომენტი ფსიქოლოგიურად ცუდ სამსახურს უწევს კალათბურთელებს და როგორც ჩანს, რუსთაველებმა ბოლომდე მობილიზება ვერ მოახერხეს. არადა, ანატოლი ბოისას გაწვრთნილ გუნდს მოგების კარგი შანსი ჰქონდა. პირველი პერიოდის შემდეგ ქვემოქართლელები 7 ქულით იგებდნენ, მეორე ათწუთეულში კი ბათუმელებმა გათანაბრება მოახერხეს და დიდ შესვენებაზე ანგარიში იყო 37:37.

მესამე მეოთხედი თანაბარი გამოდგა და ყველაფერი ბოლო ათწუთეულში გადაწყდა. მასპინძლებმა მეტი მობილიზებით ჩაატარეს დასკვნითი წუთები და საბოლოოდ 7 ქულით – 79:72 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს. ბათუმელებს 14 ქულით, 14 მოხსნითა და 10 დაფარებით ბექა ბექაურმა ულიდერა. ბომბარდირი 25 ქულით ტომას ვაილდერი გახდა. 18 ქულა პირად ანგარიშზე ნემანია კაპეტანოვიჩმა ჩაიწერა. რუსთაველთაგან 18 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ჯილან ვაშინგტონი. 14 ქულა, 14 პასი და 8 მოხსნა მალიქ უაითმა მიითვალა, ხოლო მაიკლ დევისის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა.

მე-18 ტურის მატჩები 28, 29 და 30 მარტს გაიმართება.