სუპერლიგის მე-3 ტური დღეს, ბათუმსა და ქუთაისში დაიწყო. აჭარაში სათამაშოდ “მგზავრები” ჩავიდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული ფინალით დასრულდა, არადა, ბათუმელები თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 10 ქულით 65:55 იგებდნენ.
დასკვნით წუთებში “მგზავრების” მოთამაშეებმა მოახერხეს მობილიზება და საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე, ტაჯ სპენსერის ზუსტი საჯარიმოების შემდეგ 68:67 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა წუთშესვენება აიღეს და გადამწყვეტი შეტევა დაგეგმეს. “მგზავრებს” 2 გუნდური ჯარიმა ჰქონდა, თუმცა ერთის სარგებლიანად გამოყენება მოასწრო, მეორესი კი ვერა: ჯუნიუს პროველმა მოასწრო სროლა და მასზე სპენსერი დაჯარიმდა. ბურთი ჩავარდა, პროველმა საჯარიმოც ზუსტად შეასრულა და “ბათუმი” საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე 70:68 (სტატისტიკა) დააწინაურა.
სტუმრებმა სროლის ორგანიზება ვერ მოასწრეს და მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა. ზღვისპირელებს 20 ქულითა და 7 მოხსნით ლევან მასხულიამ ულიდერა. 11-11 ქულა რევაზ ჩაჩანიძემ და ლევან ელიაძემ მიითვალეს. 10 ქულა და 9 მოხსნა კოლინ მალკოლმის ანგარიშზე დაგროვდა. “მგზავრებში” 21 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ტაჯ სპენსერი. 14 ქულა და 5 პასი იკენა აგუსმა მიითვალა.
მე-3 ტურის მეორე შეხვედრა ქუთაისში, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდა. გასული სეზონის ფინალურ მატჩში მომხდარი არეულობის გამო ქუთაისის გუნდს ცარიელ დარბაზში უწევს თამაში. სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონთან სათამაშოდ ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი თსუ ჩავიდა, რომელსაც მიმდინარე სეზონში დამარცხება არ აქვს. თსუ-ელებს დანაკლისი ჰქონდათ ძირითადი ცენტრის, გიორგი ტურძილაძის სახით, რომელიც ტრავმირებულია და 1 თვეს გამოტოვებს.
მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტელებს არაფერი გასჭირვებიათ. პირველი ნახევრის 6 ქულით მოგების შემდეგ, თსუ-ელებმა მასპინძლები მესამე პერიოდში გატეხეს. ათწუთეული თბილისელებმა 27:18 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 15 ქულით გალიდერდნენ, ხოლო მალე თსუ-ს უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია და შეხვედრის ბედიც გაირკვა. დარჩენილ დროში ქუთაისელებმა ვერაფერი შეცვალეს – მათ თამაშის გადარჩენის რესურსი არ ჰქონდათ. საბოლოოდ თსუ-მ 91:75 (სტატისტიკა) მოიგო და 3-დან 3 გამარჯვებით სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია.
უნივერსიტეტელთაგან საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია, რომელმაც 17 ქულა, 15 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 19-19 ქულა მოაგროვა რიკი მედისონმა და სანდრო სანაძემ. 9-9 ქულით გუგა პატაშური და ჯორჯი მილოსავლიევიჩი გამოირჩნენ. “ქუთაისში” 30 ქულით საუკეთესო იყო გასულ სეზონში თსუ-ში მყოფი ჯეიმს მილიკენი. 23 ქულითა და 11 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა.
სუპერლიგის მე-3 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა 26 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.