სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა თსუ-მ მე-6 ტურის მატჩი ბათუმში გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 81:74 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა ბრძოლისა და გაუტეხლობის კლასიკური მაგალითი აჩვენეს, როცა პირველი ნახევრის შემდეგ 20 ქულით ჩამორჩენილებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და მართებული ტაქტიკის, გონივრული თამაშისა და მაღალი შედეგიანობის წყალობით გამარჯვება მოიპოვეს.
ეს გახლდათ მატჩი, რომლის პირველი და მეორე ნახევარი დიამეტრალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. პირველში მასპინძლებმა სტუმრებს შტურმი მოუწყვეს და 20:8 მოგებული მეორე პერიოდის შემდეგ, დიდი შესვენებისთვის 20 ქულით – 53:33 დაწინაურდნენ. მეორე ნახევარი თსუ-ის კარნახით დაიწყო, რომლის მოთამაშეებმაც ისე დაჯაბნეს მეტოქე, რომ მესამე ათწუთეულის 2/3 22:2 მოუგეს. უნივერსიტეტელებმა ბოლო პერიოდამდე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და დაწინაურება, რითაც მასპინძლები ფსიქოლოგიურად გატეხეს.
ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში თანაბარი იყო და ბათუმელები ბოლო წუთებამდე შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა როცა 20-ქულიან უპირატესობას გაანიავებს, იმ გუნდს მოგების მიზერული შანსი რჩება. ასეც მოხდა, თსუ-მ დასკვნით წუთებში მეტოქე ახლოს აღარ მიუშვა და მე-6 მატჩში მე-5 გამარჯვება მოიპოვა.
თსუ-ში 21 ქულითა და 6 პასით საუკეთესო იყო ლოველ ქაბილი. 19 ქულა რაილ ოუენსმა მიითვალა, ხოლო პაპ დიოპის ანგარიშზე 12 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. ძალიან შედეგიანი იყო მიხეილ ბერიშვილი, რომელმაც 11 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. “ბათუმში” 15 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო სოსო გოგნაძე, ხოლო ბექა ბექაურმა 15 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
სუპერლიგის მე-6 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა 19 ნოემბერს, თბილისსა და რუსთავში გაიმართება.