სუპერლიგის მე-2 ტური დასრულდა. ბოლო შეხვედრაში თსუ-ის დაგეგმილი რევანში არ შედგა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა სუპერლიგის დებიუტანტ კავკასიასთან ისევ წააგო. პირველად ეს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში – 19 ოქტომბერს მოხდა და თსუ-ს იმ წაგებისთვის სარევანშოდ სუპერლიგის მე-2 ტურის მატჩი ჰქონდა, თუმცა მიზეზთა გამო გამარჯვება კვლავ ვერ მოახერხა.
ამის უმთავრესი მიზეზი არასრული შემადგენლობა იყო – უნივერსიტეტელებმა სხვადასხვა მიზეზის გამო 4 კალათბურთელი მოისაკლისეს – ნოდარ გოგოძე, გიორგი ცინცაძე, ივანე მეგენეიშვილი და ლუკა მამლიკიძე. სათქმელია, რომ თავის მხრივ, კავკასიელებსაც აკლდათ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე – ლევან ქვარცხავა და ბექა წივწივაძის გაწვრთნილი გუნდისთვის გამარჯვება იოლად არ მოსულა. თსუ-მ, რომელიც თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა, ბოლომდე იბრძოლა და მოგების შანსს ბოლოსწინა წუთამდე ინარჩუნებდა, თუმცა საბოლოოდ კავკასიამ მაინც თავისი გაიტანა. საკვანძო სამქულიანი ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა ჩააგდო, რომელმაც ტრავმის შემდეგ ფორმა ნაწილობრივ აღიდგინა და ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა.
ცალკე თემაა კავკასიას ლეგიონერები: კრის მაკნილი და ჯასტინ ფორესტი გუნდის მამოძრავებელ მოტორის ფუნქციას ერთად წევდნენ. აიზია ელისმა კი მართალია, მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო, თუმცა 11 მოხსნით ილია ლონდარიძესთან ერთად კავკასიელებს ფარქვეშ დიდი დახმარება გაუწია. საბოლოოდ შეხვედრა 71:61 (სტატისტიკა) დასრულდა. საინტერესო ანგარიშია, რადგან თსუ-მ წინა ტურში გურჯაანის დელტა ზუსტად ამ ანგარიშით (71:61) დაამარცხა, ახლა კი… პირიქით.
სუპერლიგა მე-3 ტურიდან რეგიონებში გავა. 4 ნოემბერს ქუთაისს ოლიმპი ესტუმრება. 5-ში რუსთავი მეგას უმასპინძლებს, ხოლო 6 ნოემბერს ბათუმს გურჯაანის დელტა ესტუმრება. ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა თბილისში, 6 ნოემბერს გაიმართება.