სუპერლიგის პირველი ტურის მორიგ მატჩში თსუ-მ “ბათუმს” უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით – 92:82 (სტატისტიკა) დაამარცხა. ორივე გუნდი წინა, დაუმთავრებელი სეზონის ფავორიტები გახლდნენ და ცხრილში ლიდერობდნენ, რის შემდეგაც შემადგენლობა ორივემ გადაახალისა. ეს განსაკუთრებით თსუ-ზე ითქმის, რომელსაც მხოლოდ 1 კალათბურთელი, ლუკა ზაქრაძე ჰყავს, რომელიც წინა სეზონშიც გუნდში თამაშობდა.
სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შემადგენლობის ფორმირება დასრულებული არ აქვს და 2 ამერიკელ ლეგიონერს ელოდება, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ბრძოლისა და გამართული ტაქტიკის წყალობით გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა.
ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი უნივერსიტეტელები სწრაფი შეტევებით თამაშობდნენ და ამას ზუსტი შორი სროლებიც რომ დაერთო, თსუ შეუჩერებელი გახდა. მართალია, ანგარიშში სხვაობა დიდი არ გახლდათ და “ბათუმი” ნიადაგ კვალში ედგა მეტოქეს, თუმცა კარგი ფიზიკური ფორმის წყალობით თსუ-ს ბოლომდე გაჰყვა მობილიზება. მაშინაც კი, როცა აჭარული გუნდი ბოლო პერიოდის დასაწყისში დაწინაურდა (63:61) და თითქოს გია კაზანჯიანის გუნდმა მოახერხა მეტოქის გატეხვა, უნივერსიტეტელებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და ელვისებული შეტევებითა და ზუსტი სროლებით ხელჩასაჭიდი ლიდერობა – ამჯერად თამაშის ბოლომდე დაიბრუნეს.
თსუ ისე მივიდა გამარჯვებამდე, ვითარება არც დაძაბულა. უნივერსიტეტელებმა გუნდურად ითამაშეს, თუმცა გამოკვეთილი ლიდერი ამერიკელი ლეგიონერის – ბრენდონ სლაის სახით ჰყავდათ, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა: 26 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა საბა ლობჯანიძემ, 13 ქულა ჰქონდა მიხეილ ჭოჭუას, ხოლო 12 – ლუკა ზაქრაძეს. ბათუმში 20 ქულით ბომბარდირი გახდა სერბი ახალწვეული პეტარ არატინოვიჩი, ხოლო მისმა თანამემამულემ, ნიკოლა ვუიოვიჩმა შეხვედრა 11 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ბექა ბექაურმაც – 13 ქულა, 11 მოხსნა.
სუპერლიგის პირველი ტურის დარჩენილი 2 მატჩი 21 ოქტომბერს გაიმართება:
ტიტები – ცხუმ-აფხაზეთი 14:00
ოლიმპი – დინამო 16:30