სუპერლიგის რეგულარული დასრულდა: ტიტები ქუთაისში დამარცხდა და პლეი ოფი თსუ-მ შეავსო

სუპერლიგის რეგულარული დასრულდა: ტიტები ქუთაისში დამარცხდა და პლეი ოფი თსუ-მ შეავსო

თსუ პლეი ოფშია. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი 15 აპრილს დაასრულა, რის შემდეგაც კონკურენტების შედეგებზე დარჩა დამოკიდებული. ბოლო ტურის თამაშებში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ერთი შეხედვით უიმედოდ მყოფი თსუ პლეი ოფში გავიდა. საკვანძო მატჩი დღეს ქუთაისში გაიმართა, სადაც სათამაშოდ მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი “ტიტები” ჩავიდა, რომლისთვისაც მოგებას პლეი ოფის საგზური მოჰქონდა.

“ქუთაისისთვის” ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი მეორე ადგილზე იყო და ამ მატჩის შედეგის მიუხედავად, რეგულარულს ამ ადგილზე ასრულებდა. ცნობილია ქუთაისელთა საპლეიოფო მეტოქეც – დინამო თბილისი.

ტიტებმა პლეი ოფში გასვლის შანსი ვერ გამოიყენეს. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები უკვე 20 ქულას იგებდნენ, თამაშიც ისე ჩამთავრდა, რომ ვითარება მოედანზე არ დაძაბულა. მასპინძლებმა საბოლოოდ 9 ქულით იმარჯვეს – 102:93 (სტატისტიკა)

ამგვარად, პლეი ოფის მე-8 მონაწილე გახდა თსუ, რომელიც მეოთხედფინალში პირველადგილოსან “რუსთავს” შეხვდება. მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

პლეი ოფის ყველა სტადიაზე სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება.

ტიტები ვერც პლეი ოფში გავიდა და არც სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევს ბრძოლა. მარკოიშვილის გუნდისთვის სეზონი დასრულებულია. მე-10 ადგილზე გასულ ბათუმს კი გადათამაშება მოუწევს “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდთან. საკვალიფიკაციო სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება. 

რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილი ბოლო მატჩი რუსთავში გაიმართა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილი ქვემოქართლურ გუნდს რეგულარულში პირველობა ჯერ კიდევ 3 ტურის წინ ჰქონდა განაღდებული, დღევანდელ შეხვედრას კი სატურნირო მნიშვნელობა არც მისი მეტოქესთვის, “ცხუმ-აფხაზეთისთვის” ჰქონდა. 

ორივე გუნდმა დაასვენა წამყვანი მოთამაშეები. რუსთაველებმა 3 ლეგიონერს – მაიკ დევისს, მალიქ უაითს და ჯილან ვაშინგტონს მისცეს დასვენების საშუალება, ხოლო ცხუმელებმა – ჯოშუა მაკფოლს და ტაილერ გრინს. რუსთაველებმა თავიანთ ახალგაზრდებს მისცეს სუპერლიგის მოედანთან გაჩვევა და ამ მხრივ დღევანდელი შეხვედრა ქვემოქართლელებს ნამდვილად წაადგათ. გიორგი გოგიტიძემ, დავით ლორიამ, ვახტანგ გაფრინდაშვილმა და ზურა ვაშაკიძემ თამაშით გული იჯერეს და საკმაოდ კარგადაც  ითამაშეს. 

რუსთაველებმა წააგეს, თუმცა – ბრძოლაში – 85:91 (სტატისტიკა). აღნიშნული შეხვედრა ორივე მწვრთნელმა უფრო ტაქტიკური კუთხით გამოიყენა და პლეი ოფის წინ ასეთი რამ ორივე გუნდს სჭირდებოდა. გამარჯვებულთაგან 25 ქულით, 17 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო რაჰიმ ჯონსონი. ალექსანდრე ფევაძემ 18 ქულა მიითვალა. რუსთაველთაგან 21 ქულით ბომბარდირი გახდა ვახტანგ გაფრინდაშვილი. 19 ქულა რეზო ჩაჩანიძის ანგარიშზეა.