საკალათბურთო სუპერლიგის პირველი ტურის ბოლო 2 მატჩს დღეს ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. პირველი შეხვედრა დასრულდა. მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა “ტიტებმა” ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის “ცხუმ-აფხაზეთს” 87:71 (სტატისტიკა) სძლია.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, თუმცა ეს უფრო მის პირველ ნახევარზე ითქმის, რომელიც “ცხუმ-აფხაზეთმა” 41:39 მოიგო. მესამე პერიოდში ტიტების მოთამაშეებმა გარდატეხა მოახდინეს, რაც თეიმურაზ ბაბუნაშვილის, აკაკი ლომოურისა და დავით ლომიძის გააქტიურებას მოჰყვა. ტიტების ამერიკელი ლეგიონერები მანამდეც შედეგიანად ირჯებოდნენ, თუმცა როცა მათ ქართველებმაც აუბეს მხარი, მარკოიშვილის გუნდს აღარ გასჭირვებია.
მესამე პერიოდის 29:17 მოგების შემდეგ ტიტებმა 10-ქულიანი, ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა. მესამე პერიოდის ბოლოს და მეოთხეს დასაწყისში დავით ლომიძემ 12 ქულა მიითვალა, რითაც ტიტების სოლიდურ დაწინაურებას დაუდო სათავე და თამაში ისე ჩამთავრდა, “ცხუმ-აფხაზეთს” ვითარების გამოსწორების შანსი არც მისცემია.
მთლიანობაში ტიტებმა გუნდურად ითამაშა და საბოლოოდ 6 კალათბურთელს სარგებლიანობის თითქმის თანაბარი კოეფიციენტი დაუგროვდა. 20 ქულით ბომბარდირი ტაილან ბერტსი გახდა, 18 ქულა და 8 მოხსნა ჯორდონ თალიმ მიითვალა, დავით ლომიძის ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა. “ცხუმ-აფხაზეთში” 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი შარაბიძე.
მატჩის დაწყებამდე ტიტების ყოფილი მოთამაშე, ბესიკ ლეჟავა 70-ნომრიანი მაისურით კლუბის გენერალურმა მენეჯერმა გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა. ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა სათამაშო კარიერას თავი დაანება და ტიტებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად აგრძელებს მუშაობას.
პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს “ოლიმპი” და “დინამო” დაუპირისპირდებიან. მატჩი 16:30 საათზე დაიწყება და მისი ლაივ-რეპორტაჟის ყურება ჩვენს ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.