დღეს ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის ერთი, თუმცა სეზონის ყველაზე დაძაბული მატჩი გაიმართა. ეს გახლდათ ტიტებისა და ცხუმ-აფხაზეთის დაპირისპირება, რომლებმაც სუპერლიგის გახსნის დღეს ერთმანეთში სუპერთასი გაითამაშეს და შესაბამისად, მათი პირველი ტურის შეხვედრა სადღეისოდ გადაიდო.
საკალათბურთო მატჩის დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი საზომი ოვერტაიმია, აღნიშნულ შეხვედრაში კი 2 დამატებითი 5-წუთეული დაინიშნა. მესამეც იქნებოდა, ტიტების ამერიკელ სნაიპერს, ლუკ მეიერს საფინალო სირენამდე 1.6 წამით ადრე 2-დან 1 საჯარიმო რომ აეცილებინა. მეიერმა მიზანზე მეტად ნერვების სიმტკიცე გამოავლინა, როცა ჯერ გაათანაბრა, შემდგე კი გამარჯვების საჯარიმოც ჩააგდო.
ცხუმ-აფხაზეთმა რომ წააგო, საკუთარ შეცდომებს უნდა დააბრალოს, რომლებიც ყველაზე ბევრი ბოლო ათწუთეულში დაუშვა, როცა ხელჩასაჭიდ, 7-9 ქულიან უპირატესობას ფლობდა და ისე ჩამორცა, რომ არა ნომინალური ცენტრის, გიორგი შარაბიძის 2 სამქულიანი, ძირითად დროშივე წააგებდა.
მეორე დამატებით ხუთწუთეულში დეონტა ფრანკლინის და ზუკა მაჩალაძის ქულებით ცხუმელები 4 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა ტიტელთა ერთ-ერთი ლიდერის, ტრისტინ უოლეს სამქულიანით ბრძოლაში დაბრუნდნენ, მეტოქის შეტევაც მოიგერიეს და შემდეგ მეიერის გამარჯვების საჯარიმოების დროც დადგა. გიორგი შარაბიძემ ბოლო იმედის ჯარიმა აირო მეიერზე, რადგან ეს რომ არ გაეკეთებინა, ტიტელი უკანახაზელი უთუმცაოდ 2 ქულას მიითვლიდა.
ცხუმ-აფხაზეთის ამერიკელმა გამთამაშებელმა, კვამ უოლერმა ზემოთნახსენებ 1.6 წამში საკუთარი მოედნიდან სროლა მოასწრო, რომელიც მიზანს ოდნავ ასცდა და ტიტების კალათის რკალმა აისხლიტა – 81:80.
გამარჯვებულებს ტრისტინ უოლემ ულიდერა, რომელმაც შესანიშნავი სროლათა პროცენტით (50% 2-იანი, 60% 3-იანი) 23 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ხოლო მატჩის მეორე გმირმა მეიერმაც 23 ქულა ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა. ცხუმ-აფხაზეთში 20 ქულით კვამ უოლერი გამოირჩა, დეონტა ფრანკლინმა კი 14 ქულა მიითვალა.
სუპერლიგის მორიგი, მე-4 ტურის მატჩები 1, 2 და 3 ნოემბერს – რუსთავსა და თბილისში გაიმართება.
ტიტები -ცხუმ-აფხაზეთი
სტატისტიკა: 81:80