გუშინ ქუთაისში დაწყებული საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტური დღეს თბილისში 1 მატჩით გაგრძელდა. მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა “ტიტებმა” ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოიპოვა. სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა გუნდმა დავით როგავას გაწვრთნილ “ოლიმპს” სძლია. თავის მხრივ, ოლიმპელებმა 5-მატჩიანი წარმატებული სერიის შემდეგ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგეს და სატურნირო თვალსაზრისით დაღმასვლა განიცადეს.
ტიტებმა ეს გამარჯვება უპირველესად სტაბილური თამაშის წყალობით მოახერხა. ის შეცდომები, რომელიც ამ გუნდის წევრებმა წინა მატჩში, თსუ-სთან დაუშვეს, როცა მესამე პერიოდში მოპოვებული 17-ქულიანი ლიდერობა გაანიავეს და საბოლოოდ დამარცხდნენ, ამჯერად არ გაიმეორეს. მარკოიშვილის გუნდს თამაშის სადავეები მყარად ეპყრა და თავიდან ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია. ოლიმპს დიდად დაეხმარა, მაგრამ მოგებამდე ვერ მიიყვანა კახა ჯინჭარაძემ, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა.
პირველი პერიოდის შემდეგ ტიტები 4 ქულით იგებდა. მეორე ათწუთეულში მარკოიშვილის გუნდმა ლიდერობას კიდევ 2 ქულა მიამატა და დიდი შესვენებისთვის უკვე ხელჩასაჭიდი უპირატესობა ჰქონდა. მესამე პერიოდი ფრედ – 17:17 დასრულდა და გადამწყვეტ მეოთხედშიც რომ არ გატყდა, ტიტებმა მოგება გაიფორმეს – 87:78 (სტატისტიკა).
გამარჯვებულებს 20 ქულა-19 მოხსნით ბრენდან აუგბორნსმა ულიდერა. 16-16 ქულა დავით ლომიძემ და ტაილან ბირტსმა მიითვალეს. ოლიმპელთაგან და მთლიანად მატჩში ყველაზე შედეგიანი კახა ჯინჭარაძე იყო: 33 ქულა, 4 მოხსნა. 14 ქულა კენდრიკ ტომპსონის ანგარიშზეა.
სუპერლიგის მიმდინარე ტურის დარჩენილი 3 მატჩი ხვალ რუსთავსა და თბილისში გაიმართება.