სუპერლიგის დღეს დაგეგმილი მატჩები დასრულდა. “კაკტუსმა” ერთ-ერთ აუტსაიდერ “მარნეულს” უმასპინძლა და დამაჯერებლად – 91:76 დაამარცხა. ქვემოქართლურ გუნდს მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებილი და ისიც “კაკტუსთან”, თუმცა დღევანდელ მატჩში მარნეულელებს რამდენიმე მოთამაშე აკლდათ და წარმატების მიზერული შანსი გააჩნდათ.
ტრავმების გამო ქვემოქართლელებმა არტიომ შვეცი, ჯიმ ბონდუმელი, იოსებ ლეჟავა და დეანდრე რეი მოისაკლისეს. ისედაც ბოლოსწინა ადგილზე მყოფი გუნდისთვის 4 წამყვანი მოთამაშის არყოლა გვარიანი დანაკლისი გახლდათ. “კაკტუსმა”, რომელიც 2 ამერიკელი ლეგიონერის (ბრიჯმენი, მიჩელი) დამატების შემდეგ საკმაოდ გაძლიერდა, შანსი ხელიდან არ გაუშვა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქვემოქართლური გუნდი კი ეცადა, მაგრამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ დიდი სხვაობით არ წააგო.
“კაკტუსის” კალათბურთელებმა გუნდურად ითამაშეს. 6 მოთამაშე 10-ქულიან ზღვარს ასცდა, რომელთაგან 17 ქულით ბომბარდირი ტერიკ ბრიჯმენი გახდა. 16 ქულა ჯონ მიჩელმა დააგროვა, ხოლო 14-14 – დეანდრე პარკსმა და დავით ლომიძემ. “მარნნეულში” 15 ქულა ნიკოლად ნილმა მიითვალა, ლევან ელიაძემ კი მატჩში ერთადერთი ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა.
სუპერლიგის მორიგი მატჩი ბათუმში, 19 დეკემბერს გაიმართება, სადაც სათამაშოდ “კაკტუსი” ჩავა.
კაკტუსი – მარნეული 91:76
თემურ კანკია, “მარნეულის” მთავარი მწვრთნელი:
“რთულია თამაში და განსაკუთრებით, წარმატების მიღწევა, როცა 4 ძირითადის კალათბურთელი გაკლია. ტრავმების გამო ბონდუმელი, რეი, შვეცი და ლეჟავა გვაკლდნენ. ასეთი დანაკლისის ფონზე, გუნდმა იბრძოლა და იყო მომენტები, როცა მეტოქეს მივუახლოვდით. ეხლა ჩვენი მიზანი მოთამაშეების მწყობრში ჩადგომა და მომავალი მატჩებისთის მომზადებაა”.
არჩილ ჟღნტი, “კაკტუსის” მთავარი მწვრთნელი:
“რთულია, როცა მეტოქეს 4 მოთამაშე აკლია, რეალურად შეაფასო საკუთარი ძალები. მართალია, მოვიგეთ, თუმცა ისე ვერ ვითამაშეთ, რომ კმაყოფილი ვიყო. წინ ძალიან ძლიერი მეტოქე გველი, 3 დღეში ბათუმში ვთამაშობთ და ახლა სრულ მობილიზებას ამ შეხვედრაზე ვაკეთებთ”.