სუპერლიგის მე-5 ტური 30-ქულიანი მატჩით დასრულდა. სწორედ ამ სხვაობით სძლია “ცხუმ-აფხაზეთმა” “დინამოს” და ცხრილში პოზიცია გაიმყარა. მიმდინარე ჩემპიონატში 3 გუნდია, რომლებსაც მხოლოდ 1 მარცხი აქვთ და ერთ-ერთი ცხუმ-აფხაზეთია, ხოლო ერთადერთი წაუგებელი გუნდი “ქუთაისია”.
ტურის ბოლო მატჩს სისწრაფე და ჩაგდებული ბურთები არ აკლდა, თუმცა დაძაბულობაზე ამას ვერ ვიტყვით. ჟოლივეტ ტუჯანის გაწვრთნილი “დინამო” თავიდან უძალიანდებოდა მეტოქეს, თუმცა – მხოლოდ პირველ ტაიმში. დიდ შესვენებაზე ცხუმელები 12 ქულას იგებდნენ და ეს უკვე ხელჩასაჭიდი უპირატესობა იყო, თუმცა მესამე ათწუთეულში გუნდური თამაშითა და შედეგიანობით ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა გამარჯვების გარანტია მიიღო. ცხუმელების ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა და ვითარების შესაცვლელად დინამოელებს არც დრო ჰქონდათ და არც ძალა.
“ცხუმ-აფხაზეთში” გამოირჩეოდა ლუკა მაზიაშვილი, რომელიც ბურთის გონივრულად გათამაშებაზე მეტად შეტევებს აგვირგვინებდა. საბოლოოდ, ის ყველაზე შედეგიანი გახდა თანაგუნდელ ლევან მასხულიასთან ერთად. ორივემ 23-23 ქულა მოიხვეჭეს. 17 ქულა გიორგი შარაბიძემ დააგროვა, ხოლო ალექს ფიკოკმა მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი (10 ქულა, 10 მოხსნა) გაიფორმა. “დინამოში” 16 ქულით დანტე ტომპსონი გამოირჩა, 12 ქულა კი ვოვა თავაქარაშვილის ანგარიშზეა.
“დინამოს” 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება აქვს და აუტსაიდერთა შორისაა. შემდეგი ტურის მატჩები 18 და 19 ნოემბერს – ქუთაისში, ბათუმში, თბილისსა და რუსთავში გაიმართება.
ცხუმ-აფხაზეთი – დინამო
სტატისტიკა: 110:80