სუპერლიგის მე-2 ტური დასრულდა. მოგეხსენებათ, სუპერლიგაში გუნდების კენტი რაოდენობის გამო ყოველ ტურში 1 გუნდი ისვენებს. პლუს ამას, პირველ ტურში “ქუთაისმა” და “რუსთავმაც” დაისვენეს, რადგან სუპერლიგის გახსნის დღეს სუპერსათასო მატჩი ითამაშეს. შესაბამისად, ცხრილში გუნდებს თამაშების თანაბარი რაოდენობა მანამ არ ექნებათ, სანამ პირველი წრე, შემდეგ კი რეგულარული ჩემპიონატი არ დასრულდება. ასე რომ, ჩვენ სუპერლიგის მატჩებს მაინც ტურობრივად მიმოვიხილავთ და დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართული 2 მატჩი მე-2 ტურის დასკვნითი შეხვედრები გახლდათ.
მას შემდეგ, რაც თსუ-მ “ოლიმპს” სძლია, მოედანზე “კაკტუსისა” და “ცხუმ-აფხაზეთის” გუნდები გამოვიდნენ. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილ კაკტუსელებს პირველი ტურის შეხვედრა წაგებული ჰქონდათ, ცხუმელთათვის კი ეს პირველი მატჩი იყო, რადგან კალენდრის მიხედვით ირაკლი ძიძიგურის გუნდი ისვენებდა. მთავარი მწვრთნელის რანგში ძიძიგურის დებიუტი წარმატებული გამოდგა. იგი გასულ სეზონში გუნდში ასისტენტად მუშაობდა, თუმცა პროგრესული სვლების შედეგად მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიმსახურა.
“კაკტუსი” არ გახლდათ ხელწამოსაკრავი. ჟღენტის გუნდმა წინა ტურის შემდეგ 2 სოლიდური უკანახაზელი დაიმატა – რუმინეთის უმაღლეს ლიგაში გატარებული სეზონის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა რეზო როგავა, რომელმაც ბოლო სეზონები სუპერლიგაში “ოლიმპში” გაატარა. მასთან ერთად კაკტუსელებმა რიგიანი ამერიკელი ჯორდან ფორბსი დაიმატეს.
შეხვედრა სწრაფ ტემპში წარიმართა და ცხუმ-აფხაზეთის გამარჯვებით – 84:77 (სტატისტიკა) დასრულდა. ძიძიგურის გუნდმა პირველი პერიოდი 25:17 მოიგო და შემდეგ ლიდერობას მთელი თამაშის განმავლობაში ინარჩუნებდა. კაკტუსი კი ცდილობდა გაბათილებას, რაც კარგად არ გამოსდიოდა და შეხვედრა ისე ჩამთავრდა, რომ მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. როგავა და ფორბსი გუნდს უკეთესად რომ შეუთამაშდებიან, კაკტუსელთაგან კარგ შედეგებს უნდა ველოდოთ. “ცხუმ-აფხაზეთი” კი თავისი შემადგენლობით სუპერლიგის ერთ-ერთ ფავორიტად შეიძლება ჩაითვალოს.
სუპერლიგის მომდევნო მატჩი 27 ოქტომბერს, ბათუმში, ადგილობრივ გუნდსა და “რუსთავს” შორის გაიმართება.