ცხუმ-აფხაზეთმა ოლიმპს უშანსოდ მოუგო – 88:55

ცხუმ-აფხაზეთმა ოლიმპს უშანსოდ მოუგო – 88:55

30 ოქტომბერს დაწყებული სუპერლიგის მე-3 ტური დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დამთავრდება. დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველი დასრულდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა “ცხუმ-აფხაზეთმა” 88:55 (სტატისტიკა) დაამარცხა “ოლიმპი”.

3 ტურის შემდეგ ეს გახლდათ ცხუმელების მე-2 გამარჯვება, ხოლო ოლიმპელები სამივე წაგებით აუტსაუდერთა შორის არიან. ანგარიშიდან კარგად ჩანს, რომ ბრძოლა არ შედგა. ცხუმ-აფხაზეთი თავიდანვე დაწინაურდა, სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და მთელი თამაში ისე იგებდა, საფრთხე 1 წუთითაც არ დამუქრებია. შეხვედრა ისე დაიწყო, ბოლო წლებში ანალოგი რომ ძნელად მოეძებნება. ცხუმ-აფხაზეთი შეხვედრის მე-6 წუთზე 20:0 იგებდა: “ოლიმპმა” თამაშში პიველი ბურთი პირველი პერიოდის დასრულებამდე 4:25 წუთით ადრე ჩააგდო.

“ცხუმ-აფხაზეთს” გამოსდიოდა ყველაფერი, დიმიტრი ჯაკობოვის გუნდს კი – თითქმის არაფერი. პირველი ნახევარი ისე ჩამთავრდა, მოედანზე არაფერი შეცვლილა – 51:20 ცხუმ-აფხაზეთის სასარგებლოდ, რომელმაც გამარჯვება ფაქტობრივად დიდი შესვენებისთვის გაიფორმა. ვინც კი მოედანზე იყო, ცხუმელთაგან ყველამ ჩინებულად ითამაშა. განსაკუთრებით საქებარია გუნდის ამერიკელი ლეგიონერი ტაილერ გრინი, რომელიც მხოლოდ 180 სმ სიმაღლისაა და წინა 2 მატჩში ჯამში 4 ქულა ჩააგდო. ოლიმპთან კი ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 17 ქულას 5 პასი და 4 მოხსნა მოაყოლა. ცხუმელთა ფარქვეშა ბურჯი გიორგი შარაბიძე გახლდათ, ალექსანდრე ფევაძე კი უნივერსალურად ირჯებოდა – შედეგიანი იყო როგორც პერიმეტრიდან, ისე სამწამიან ზონაში.

საბოლოოდ 18 ქულით ბომბარდირი შარაბიძე გახდა, ხოლო საერთო სარგებლიანობით ფევაძემ ყველას აჯობა – 16 ქულა, 18 მოხსნა, 3 პასი. 12 ქულა 4 სამქულიანით მოაგროვა ნოდარ გოგოძემ. ოლიმპში 18 ქულით კენდრიკ ტომპსონი გამოირჩა, 13 ქულა და 14 მოხსნა ლუკა კალატოზიშვილმა დააგროვა. 

შემდეგ მატჩში “კაკტუსი” “რუსთავს” დაუპირისპირდება, ხოლო მე-3 ტურის ბოლო შეხვედრაში “ვერა “ტიტებს” შეერკინება.