სუპერლიგის მე-3 ტური “ცხუმ-აფხაზეთისა” და “ტიტების” მატჩით დასრულდა. შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე, ცხუმელების სასარგებლოდ გადაწყდა, რომლებმაც შეხვედრა მცირე უპირატესობით – 74:71 (სტატისტიკა) მოიგეს და სუპერლიგაში დაუმარცხებლები არიან.
წაუგებელი გუნდის სტატუსით მხოლოდ 3 გუნდი სარგებლობს. “ცხუმ-აფხაზეთთან” ერთად წაგების გემო არ განუცდიათ სუპერლიგის ლიდერ თსუ-სა და მის კვალში მდგომ “ქუთაისს”. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა ცხუმელებმა “ტიტებთან” მე-3 პერიოდის ჩაგდების მიუხედავად მოახერხეს მობილიზება და გამარჯვებამდე მისვლა.
რეალურად კი მატჩის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. შეხვედრის დასრულებამდე 33 წამით ადრე “ტიტები” ქულას აგებდა და უტევდა. გვერდითი ხაზიდან შემოტანილი ბურთი ისააკ ასრატმა მიღო, გუნდის ლიდერ ჯორდან რობერტსონს გადააწოდა და ამ უკანასკნელმა დრიბლინგი გარბენით დაიწყო. ბურთი “ცხუმ-აფხაზეთს” გადაეცა, რომლის უკანახაზელმა ტაილერ გრინმა საპასუხო შეტევაში საშუალო მანძილიდან ააცილა. ცხუმელები გიორგი შარაბიძემ იხსნა, რომელმაც თანაგუნდელის აცილებული ბურთი მოხსნა და ფარში მოათავსა – 74:71.
“ტიტებს” თამაშის გადასარჩენად 6 წამი დარჩა, რა დროშიც ისააკ ასრატმა სამქულიანის სროლა მოასწრო, მაგრამ ააცილა და შეხვედრაც ცხუმელებმა მოიგეს. გამარჯვებულებს 22 ქულითა და 9 მოხსნით ალექს ფიკოკმა ულიდერა. 10-10 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილმა და ტაილერ გრინმა მიითვალეს. “ტიტებში” საუკეთესო შედეგი ჯავიონ ოგუნიემიმ დააფიქსირა – 15 ქულა, 14 მოხსნა, ხოლო ბომბარდირი 28 ქულით ჯორდან რობერტსონი გახდა.