სუპერლიგის მე-9 ტურის მორიგ მატჩში ერთ-ერთი ლიდერი თსუ დამარცხდა. მიმდინარე სუპერლიგაში მხოლოდ 1 წაგების მქონე უნივერსიტეტელები ბოლო 4 მატჩში დამარცხებულ “ცხუმ-აფხაზეთს” შეხვდნენ, თუმცა ვერაფერი გააწყვეს. ამ გამარჯვებით ცხუმ-აფხაზეთმა უიღბლო სერია შეწყვიტა და ცხრილში მდგომარეობა შედარებით გამოისწორა.
თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ ცხუმელებმა უპირატესობა მოიპოვეს. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილ გუნდს ცენტრი გიორგი შარაბიძე აკლდა, თუმცა პერიმეტრიდან და სწრაფი გარღვევებით ცხუმ-აფხაზეთი კარგად ხეირობდა და მეორე პერიოდის 19:11 მოგებით დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდა. ცხუმელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა უკანახაზელ მარქილ სმიტს, რომელიც ძალიან შედეგიანად თამაშობდა და თანაგუნდელებიც აიყოლია.
დიდი შესვენების შემდეგ მოედანზე ვითარება არ შეცვლილა. ცხუმ-აფხაზეთის მოთამაშეებმა სისწრაფეს უმატეს, თსუ-ს ერთ-ერთმა მთავარმა იარაღმა – შორმა სროლებმა კი არ გაუმართლა და მესამე პერიოდში ძიძიგურის გუნდი კიდევ უფრო დაწინაურდა. ბოლო პერიოდში ცხუმ-აფხაზეთის ლიდერობამ 17 ქულას მიაღწია, თამაში დასრულებამდე კი 5 წუთი რჩებოდა და უნივერსიტეტელებს მატჩის გადასარჩენად არც დრო დარჩათ და არც ძალა.
საბოლოოდ 79:68 (სტატისტიკა) ცხუმ-აფხაზეთის სასარგებლოდ, რაშიც ლომის წილი 17 ქულის, 8 მოხსნისა და 3 დაფარების მომგროვებელ მარქილ სმიტს მიუძღვის. 13 ქულა ჰქონდა ალექსანდრ პიკოკს, ხოლო 12 – ტაილერ გრინს. თსუ-ში 17 ქულით ბომბარდირი გახდა რაილ ოუენსი, 14 ქულა ნიკა დარბაიძემ, ხოლო 13 – ლოველ ქაბილმა მიითვალეს.