სუპერლიგის მორიგი ტური რუსთავში დასრულდა. ხუთშაბათს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული 4 მატჩის შემდეგ, ტურის ბოლო შეხვედრა ქვემო ქართლში გაიმართა, სადაც აჭარული გუნდის სტუმრობით რეგიონული დერბი შედგა.
რუსთაველებს მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ. ანატოლი ბოისას გაწვრთნილი ქვემოქართლელები მოქმედი ჩემპიონისთვის შეუფერებლად დაბლა იყვნენ ცხრილში. “რუსთავს” 4 მოგების წილ 6 მარცხი ჰქონდა და მე-9 პოზიციაზე იმყოფებოდა, მეტოქე “ბათუმი” კი 5-5 მოგებ-წაგებით უფრო წელგამართულად იყო.
აჭარული გუნდი მატჩს 2 ახალი ლეგიონერით შეხვდა, რომლებიც ურიგო კალათბურთელები არ ჩანან, მაგრამ შეთამაშება უნდათ. დე ანჯელო სტიუარტმა 20 ქულითა და 8 მოხსნით ბათუმელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, ხოლო კაილი რიდლიმ 11 ქულას უწია. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატებისთვის. რუსთაველები ყველა კომპონენტში უკეთ თამაშობდნენ და მეტოქეს ახლოს არ იკარებდნენ.
პირველი პერიოდი მასპინძლებმა 23:16 მოიგეს, რის შემდეგაც უპირატესობას ზრდიდნენ. მხოლოდ ბოლო პერიოდი დასრულდა ფრედ, მანამდე კი რუსთაველებმა პირწმინდად აჯობეს სტუმრებს. თამაში ისე წარიმართა და დასრულდა, ანგარიში სხვაობა სოლიდური იყო და მოედანზე დაძაბულობა არ შექმნილა. “რუსთავმა” საბოლოოდ 79:64 (სტატისტიკა) იმარჯვა და 5 მოგებითა და 6 მარცხით ანალოგიური შედეგის მქონე კიდევ 3 გუნდს – “ტიტებს”, “მეგას” და დღევანდელ მეტოქე “ბათუმს” გაუთანაბრდა.
გამარჯვებულთაგან 23 ქულით, 5 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო კრისტიან კილინგი. 19 ქულა მოაგროვა მიხეილ ჭოჭუამ, ხოლო 13 რაჰიმ ჯონსონმა. ბათუმელთაგან საუკეთესო სტიუარტზე ზემოთ ვთქვით, რომლის შემდეგაც 12 ქულითა და 7 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა, 11-11 ქულა კაილი რიდლიმ და სპენსერ კოლინსმა მიითვალეს.
სუპერლიგის მორიგი ტური სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, 4 მარტს გაიმართება.