გუშინ რეგიონებში დაწყებული სუპერლიგის მე-4 ტური დღეს დედაქალაქში გრძელდება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველი დასრულდა. საკალათბურთო კლუბების – “მეგასა” და “ვერას” დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით – 95:82 (სტატისტიკა) დასრულდა.
მატჩი თანაბრად დაიწყო და მეორე პერიოდის შუამდე ვერც ერთმა გუნდმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა ვერ მოიპოვა. შემდეგ კი ვერელები დიდ უპირატესობას დაეპატრონნენ, რაც ძირითადად მათი კარგი დაცვის შედეგი გახლდათ. “მეგას” კალათბურთელები ვერ ახერხებდნენ მეტოქის დაცვის ბარიერის გარღვევას, ხოლო “ვერა” სწრაფი შეტევებითა და შედეგიანი სროლებით ზრდიდა უპირატესობას, რომელმაც 15 ქულას მიაღწია.
დიდი შესვენებისთვის “მეგამ” ოდნავ, 11 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა, თუმცა მესამე ათწუთეულიდან ვერელებმა დაიბრუნეს სათამაშო უპირატესობა და შედეგმაც არ დააყოვნა. ანგარიშში სხვაობა კვლავ გაიზარდა და შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. ვერას კალათბურთელები წინდახედულად თამაშობდნენ და თავისი გუნდი გამარჯვებამდე უპრობლემოდ მიიყვანეს. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგაში მე-2 გამარჯვება მოიპოვა და ახლა “ვერასაც” და “მეგასაც” 2-2 მოგებ-წაგება აქვთ.
სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა დარელ ბრაუნმა, რომელმაც ვერელებს 28 ქულით ულიდერა. 25 ქულა მიითვალა გუნდის კაპიტანმა ვახტანგ ქადარიამ, რომელიც 3-მატჩიანი იძულებითი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. 12 ქულა და 11 მოხსნა ზაკ ელიასის ანგარიშზეა. “მეგაში” 25 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო დემონტე ფლანიგანი. 15-15 ქულა ოთარ ბულიავამ და ჯიმონ ჰენსონმა მიითვალეს.