ვერამ ოლიმპიც დაამარცხა და სუპერლიგაში ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმა

ვერამ ოლიმპიც დაამარცხა და სუპერლიგაში ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმა

ოლიმპიურ სასახლეში დღეს დანიშნული მეოთხე მატჩი დასრულდა. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა “ვერამ” დაძაბულ ბრძოლაში – 75:73 (სტატისტიკა) დაამარცხა “ოლიმპი” და წარმატებული სერია 5 მატჩამდე გაზარდა. მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა, გასიტაშვილის გაწვრთნილმა ვერელებმა მეტოქეები ამ თანმიმდევრობით დაამარცხეს: ტიტები, დინამო, ბათუმი, თსუ და ოლიმპი. ამ გამარჯვებით ვერელებმა მომავალი სეზონის სუპერლიგაში ადგილი ფაქტობრივად გაინაღდეს. რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილი სამივე შეხვედრა რომ წააგოს, ვერა ბოლო ადგილს აღარ დაიკავებს. მოგეხსენებათ, ბოლოადგილოსანი სუპერლიგიდან “ა” ლიგაში ყოველგვარი გადათამაშების გარეშე ვარდება. 

რაც შეეხება შეხვედრას, ვერელებმა მატჩი ბრძოლაში მოიგეს. მართალია, პირველ ნახევარში გასიტაშვილის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ მეორეში ლიდერის გარეშე მოთამაშე ოლიმპელები გააქტიურდნენ და ჯერ ჩამორჩენა შეამცირეს, ბოლო წუთებზე კი გამარჯვების შანსიც ჰქონდათ. ოლიმპს მეორე თამაშია აკლია ტრავმირებული კახა ჯინჭარაძე, რომელთან ერთადაც 5-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა და მისი ტრავმის შემდეგ, მიჯრით მეორე შეხვედრა დათმო.

საინტერესოა, რომ ვერელებმა მეტოქე ისე დაამარცხეს, მათი ლიდერი ბრაისონ სკოტი მხოლოდ 8 ქულას დასჯერდა. არადა, ბოლო 6 მატჩში მის ანგარიშზე საშუალოდ 26.6 ქულა იყო. ანუ გამოდის, რომ ვერამ უფრო მეტი გუნდურობით ითამაშა და პლეი ოფის წინ ეს გუნდის სამწვრთნელო შტაბისთვის კარგი ამბავი უნდა იყოს. 

ბოლო წუთებზე ვითარება ცოტა დაიძაბა. ბრაისონ სკოტს ნერვებმა უმტყუნა და ჯერ არასპორტული ჯარიმა მიიღო, შემდეგ ტექნიკურიც. შედეგად, ოლიმპელებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს და თამაშის გადასარჩენად საკმარისი დროც დარჩათ. გადამწყვეტ შეტევაში დონოვან სმიტმა სამქულიანი ტყორცნა, რომელიც, რომ ჩავარდნილიყო, ოლიმპი მოიგებდა…

ვერელებს 16 ქულითა და 11 მოხსნით ჯოშ ჰავლიმ ულიდერა. 15 ქულა გივი ბაქრაძემ ჩააგდო, ლუკა მაზიაშვილის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა. ოლიმპში 22 ქულით საუკეთესო იყო კენდრიკ ტომპსონი, 21 ქულა და 8 მოხსნა დონოვან სმიტის ანგარიშზეა. 

სუპერლიგის მიმდინარე ტური 25 მარტს, ბათუმში დასრულდება, სადაც სათამაშოდ გათამაშების ლიდერი “რუსთავია” ჩასული. 

რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი არ დარჩა. ზოგ გუნდს 3, ზოგს – 4, ზოგსაც – 5 მატჩი აქვთ ჩასატარებელი. გუნდებში თამაშების არათანაბარი რაოდენობა ეს ერთის მხრივ ჩემპიონატში მონაწილეთა კენტი რაოდენობის, მეორეს მხრივ ტექნიკური მიზეზით გადადებული მატჩის – “მგზავრები” – “ცხუმ-აფხაზეთის” გამოა.