სუპერლიგის მე-5 ტური თბილისში გრძელდება. მორიგ მატჩში ერთმანეთს “ვერა” და “ცხიმ-აფხაზეთი” შეხვდნენ. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა ვერელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – 91:86 (სტატისტიკა) და ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს.
“ვერამ” სეზონი “ბათუმთან” მოგებით დაიწყო, თუმცა შემდეგ 2 მარცხი განიცადა და აუტსაიდერებში აღმოჩნდა. გასიტაშვილის გუნდს კაპიტანი და ლიდერი ვახტანგ ქადარია ტრავმის შემდეგ რომ დაუბრუნდა, ვერელებმა ზედიზედ 3 მატჩი მოიგეს და ცხრილში მე-3 ადგილზე გამაგრდნენ.
“ცხუმ-აფხაზეთს” შემადგენლობაც სოლიდური ჰყავს და ამბიციებიც არ აკლია. 3 მოგებითა და 1 მარცხით ირაკლი ძიძიგურის გუნდი ლიდერთა შორის იყო და “ვერასთან” გამარჯვება პოზიციებს გაუმყარებდა, თუმცა გასიტაშვილის გუნდმა გამართულად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
ვერელებმა პირველი პერიოდი 3 ქულით დათმეს, თუმცა შემდეგ მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდნენ. დიდებულად ითამაშა ვახტანგ ქადარიამ, რომელმაც 21 ქულა მიითვალა. ქადარია საშუალოდ 22.8 ქულას აგროვებს, რაც ვეტერანი კალათბურთელისთვის სოლიდური შედეგია. ვერელთა შორის საუკეთესო შედეგი ზაკ ელიასმა დააფიქსირა, რომელმაც 25 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. “ცხუმ-აფხაზეთში” 18 ქულით ლევან მასხულია გამოირჩა, ნიკა ჩეჩელაშვილმა და ლუკა მაზიაშვილმა შეხვედრა 13-13 ქულით დაასრულეს.