ზაკ სელიასმა ვერას ოლიმპთან მოგებულ მატჩში ულიდერა

ზაკ სელიასმა ვერას ოლიმპთან მოგებულ მატჩში ულიდერა

საკალათბურთო კლუბ “ვერას” წარმატებული სერია 5 მატჩამდე გაიზარდა. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს უშუალო კონკურენტი და სუპერლიგის ერთ-ერთი ფავორიტი “ოლიმპი” დაამარცხა. ოლიმპელებს აქამდე ერთი მარცხი ჰქონდათ და ისიც თსუ-თან, ჩემპიონატის სტარტზე, 3 წამყვანი მოთამაშის არყოფნაში განიცადეს. სუპერლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე მეტი წევრის მყოლმა ოლიმპელებმა წააგეს გუნდთან, რომლის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე, გივი ბაქრაძე გადაიბირეს. 

ვერელთა წარმატებას მათი დაბალანსებული შემადგენლობა განაპირობებს. გასიტაშვილმა და მისმა ასისტენტებმა შემადგენლობა ისე დააკომპლექტეს, რომ ყველა პოზიციაზე 2-2 კარგი მოთამაშე ჰყავთ, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ. ყველა რგოლში – წინა თუ უკანა ხაზში, ფარზე თამაშსა თუ შორ სროლებში, სწრაფ გარღვევებსა თუ ფორსირებულ დაცვაში ვერელები ზომიერად კარგები არიან. მათ არ აქვთ გამორჩეულად სუსტი რგოლი, რაშიც მეტოქესთან დაიჩაგრებიან და სწორედ ამის ხარჯზე იგებენ გამორჩეულად ბევრ თამაშებს.

თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ ვერელებმა მეტოქეს საშინელი მე-3 პერიოდი მოუწყვეს, რომელიც 25:9 მოუგეს და თამაშის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს. ოლიმპელებმა 16 ქულის გაბათილება მხნედ დაიწყეს და ბოლო წუთზე გივი ბაქრაძის 2 სამქულიანის ხარჯზე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს (82:83), თუმცა ისევ სტაბილურობამ ვერელებს გამარჯვება მოუტანა. 

საბოლოოდ ვერელებმა 85:82 (სტატისტიკა) იმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლეს. გამარჯვებულებს 31 ქულითა და 15 მოხსნით ამერიკელმა ზაკ სელიასმა ულიდერა. 12-12 ქულა თაჩ უნრუჰმა და დარილ ბრაუნმა მიითვალეს. 10-10 ქულა ბორის თორთლაძისა და ვახტანგ ქადარიას ანგარიშზეა. ოლიმპში 30 ქულით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 19 ქულა და 10 მოხსნა ლუკა კალატოზიშვილმა დააგროვა.