სუპერლიგის მე-9 ტური ბათუმში ხუთშაბათს დაიწყო. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა აჭარულმა კლუბმა ბოლო ტურებში ხმაურიანი გამარჯვებების მომპოვებელი “ტიტები” დაამარცხა – 96:83 (სტატისტიკა). ბათუმელებმა მეტოქეს ისე მოუგეს, წარმატების მიზერული შანსიც არ მიუციათ.
არადა, “ტიტები” მოსაგებად შემართული ჩავიდა აჭარაში და ამის მიზეზი ბესო ლეჟავას გაწვრთნილ გუნდს ნამდვილად ჰქონდა. “ტიტებმა” ხომ ბოლო 2 ტურში ჯერ რუსთავში იმარჯვა, ხოლო გასულ შაბათს სუპერლიგის დაუმარცხებელ ლიდერ “ქუთაისს” პირველი წაგება აგემა.
ამ შედეგების ფონზე, ბათუმში საკმაოდ დაძაბული ბრძოლა ივარაუდებოდა, რომელიც არ შედგა. რთული სათქმელია, ქომაგების მხურვალე მხარდაჭერა იყო თუ არა ამის მიზეზი, თუმცა ფაქტია: ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლის დარბაზი მაყურებლებით გაივსო და ბათუმელებს მთელი თამაშის განმავლობაში უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდათ. კალათბურთელებმაც იმით დაუბრუნეს ხურდა ბათუმელ ქომაგებს, რომ მძლავრი მეტოქე იოლად დაამარცხეს. მაყურებელს ფაქტობრივად არც უნერვიულია.
პირველი პერიოდი მასპინძლებმა 28:15 მოიგეს, მეორეში 21:19 იმარჯვეს და როცა მესამეშიც ლიდერობას 3 ქულა წაამატეს, გადამწყვეტი ათწუთეულის წინ მატჩის ბედი გარკვეული იყო – “ბათუმი” 77:59 იგებდა და “ტიტები” 18 ქულის გამაბათილებელს არ ჰგავდა. საბოლოოდ თბილისურმა კლუბმა ჩამორჩენა მცირედით შეამცირა და შეხვედრა 13 ქულის სხვაობით დათმო.
მასპინძელთა გამარჯვება გუნდური შრომის შედეგი გახლდათ. ბათუმელებს გამორჩეული ლიდერი არ ჰყოლიათ. 15 ქულითა და 9 მოხსნით საერთო სარგებლიანობის ყველაზე მაღალი შედეგი (21) ბექა ბექაურმა დააფიქსირა. შემდეგ მოდის საბა ლობჯანიძე 14 ქულა-6 მოხსნა-6 პასით. 16 ქულა და 7 მოხსნა დენის მავინმა მიითვალა, სოსო გოგნაძის ანგარიშზე კი 13 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. “ტიტებში” 13 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ჯავიონ ოგუნიემი. 14 ქულა ლევან ბაბილოძემ მოაგროვა.
ეს გახლდათ ბათუმელთა ზედიზედ მე-4 გამარჯვება სუპერლიგაში და ამ წარმატებული სერიის შემდეგ ბერიშვილის გუნდმა ცხრილში მე-4 ადგილამდე აინაცვლა.
სუპერლიგის მე-9 ტურის 2 შეხვედრა 24 დეკემბერს – რუსთავსა და თბილისში გაიმართება.