საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროექტი, რომელიც მოზარდი კალათბურთელების დონის ამაღლებას ემსახურება, გრძელდება. პროექტი გულისხმობს სხვადასხვა ასაკობრივ დონეზე ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში მონაწილეობას. ხვალ, გამთენიისას, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ქართული კლუბებისგან დაკომპლექტებული გუნდი “საქართველო 2008” მიემგზავრება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის ახალგაზრდული ლიგის პირველ წრეში.
პირველი წრის ფარგლებში ჩვენი გუნდი 5 მატჩს გამართავს. გუნდის მთავარი მწვრთნელი სერბი სპეციალისტი, მილოშ გლიგორიევიჩია, რომელიც მე-5 წელია, საქართველოში იმყოფება და ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტია. გლიგორიევიჩი აქტიურადაა ჩაბმული ასაკობრივი გუნდების მონიტორინგში და ევროპის ლიგაზე საასპარეზოდ 2008 წელს დაბადებული მოზარდებიდან პერსპექტიული მოთამაშეები შეარჩია.
პირველი წრის მატჩები 29-31 ოქტომბერს ჩატარდება, მეორე წრის კალენდარი კი მოგვიანებით შედგება.