დასრულდა საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპი, რომელმაც ის 16 გუნდი გამოავლინა, რომლებიც A ლიგაში გასასვლელი 8 ადგილისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონიდან ასაკობრივი ჩემპიონატები (14, 16 და 18 წლამდელები) ახალი სისტემით ტარდება. თითოეულ ლიგაში იქნება A, B და გუნდებისგან მოთხოვნილების არსებობის შემთხვევაში C ლიგები, რომლებშიც გუნდები თავდაპირველად საკვალიფიკაციო ეტაპის საშუალებით განაწილდებიან, მომდევნო წლებში კი შედეგებიდან გამომდინარე მოხდება ლიგებში ანაცვლება და შესაბამისად, დაქვეითება.
მთავარი პრინციპი იქნება ის, რომ A ლიგაში 1 საკალათბურთო სკოლას 1 გუნდზე მეტი არ ეყოლება და უმაღლესი ლიგა, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონი უნდა გამოავლინოს, მაქსიმალურად დაბალანსებული იქნება. 18 წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგაში 14 გუნდი ითამაშებს, რომელთაგან 6 ადგილი რეგიონებს კვოტირების პრინციპით გადაეცათ. დარჩენილი 8 ადგილისთვის საკვალიფიკაციო ტურნირი მიმდინარებს, რომლის ჯგუფური ეტაპის დასრულებას ეხება სწორედ ეს სტატია.
შექმნილი იყო 7 სამგუნდიანი და 1 ოთხგუნდიანი ჯგუფი. თითოეულიდან პლეი ოფში გავიდა 2 საუკეთესო. შესაბამისად, მივიღეთ 16 გუნდი (იხილეთ საბოლოო სატურნირო მდგომარეობა), რომლებიც ჯგუფების თანმიმდევრობის მიხედვით დაწყვილდნენ (A1-B2, A2-B1 და ასე შემდეგ) და ორრაუნდიანი სერიის შედეგად გამოავლენენ საუკეთესოს. წყვილებში გამარჯვებული 8 გუნდი მოიპოვებს 18-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგის საგზურს.
ერთი გამარჯვებული ცნობილია. ეს გახლავთ ოვერტაიმი 1, რომელიც პლეი ოფში ოვერტაიმი 2-ს შეხვდა და კლუბის ხელმძღვანელობის სურვილის გათვალისწინებით ამ გუნდების სერია არ შედგება და გამარჯვება პირველ გუნდს მიენიჭება. დანარჩენი წყვილები კი ასე გამოიყურებიან.
სერია 2-მატჩიანია. მატჩები შესაძლებელია ფრედ დასრულდეს. ანგარიშში 2 მატჩის შედეგი მიიღება და თუკი ამ შემთხვევაში დაფიქსირდება ფრე, დამატებითი ხუთწუთეული იმ შემთხვევაში დაინიშნება. სერიაში გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც 2 მატჩის ჯამში მეტ ქულას მოიპოვებს.
პლეი ოფის რაუნდის თამაშების განრიგი იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში შემდეგ ბმულზე: gbf.ge/league/u18/schedule