საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ქალაქ ვალმეირაში საკონტროლო მატჩი ლატვიასთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში – 71:72 დამარცხდა. თემურ კანკიასა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილი გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში უგებდა მასპინძლებს და შეხვედრა ბოლო წამებზე დათმო.
პირველი პერიოდი ქართველებმა 21:13 მოიგეს, დიდ შესვენებამდე კი ლიდერობას 2 ქულაც წაამატეს და 36:26 დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში ლატვიელებმა ტაქტიკა შეცვალეს და შორ სროლებზე გადავიდნენ, რამაც გაუმართლათ და ჯერ ჩამორჩენა შეამცირეს, ბოლო პერიოდში კი, გადამწყვეტ წუთზეც სამქულიანის ხარჯზე, მინიმალური სხვაობით იმარჯვეს. საბოლოოდ ლატვიელებმა 11 სამქულიანი ჩააგდეს, ჩვენებმა კი მხოლოდ – 4.
საქართველოს ნაკრებში 20 ქულით ბომბარდირი გახდა ლაშა მიქელაძე. ალექსანდრე მერკვილაძემ ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 10 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა დაჩი ქავთარაძემ.
საქართველოს ნაკრები მორიგ საკონტროლო მატჩს ესტონეთთან, ლატვიის საზღვართან მდებარე ქალაქ პიანუში გამართავს, რის შემდეგაც რუმინეთში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრება.